ზოგი გველი უჭმელად ერთი წელიც კი ძლებს — როგორ
ფოტო: Shutterstock.com
გველები ბევრისთვის შიშის მომგვრელი, მაგრამ უთუოდ საინტერესო არსებები არიან. ზოგიერთ მათგანს მოზრდილი ზომის ცხოველების მთლიანად გადაყლაპვა და მონელება შეუძლია, თუმცა ისინი უჭმელად ძალიან დიდხანს ძლებენ: თვეობით და წლობითაც კი. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამ ქვეწარმავლების ასეთი უნარის ბიოლოგიური საიდუმლო ამოხსნეს.
ასევე, იხილეთ: პითონებს თითქმის ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ — როგორ აღებენ ისინი პირს ასე ფართოდ?
სპეციალისტების თქმით, მთავარ როლს ჰორმონი გრელინი ასრულებს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოიქმნება და ტვინს ატყობინებს, როდის გვჭირდება ჭამა. მას "შიმშილის ჰორმონსაც" უწოდებენ და იგი ერთ დროს დიაბეტის, ანორექსიის, ჭარბწონიანობისა და სხვა მსგავსი მდგომარეობების პრევენციისთვის პოტენციალის მქონედ მიიჩნეოდა.
ამის მიუხედავად, მეტაბოლიზმში მისი როლი ზედმეტად ჩახლართული აღმოჩნდა. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ მისმა დაბლოკვამ მღრღნელების სხეულის მასაზე ან მადაზე გავლენა არ იქონია.
მეცნიერებმა გრელინის ფუნქცია რეპტილიებში შეისწავლეს. მკვლევრებმა 112 სახეობის გენომი გააანალიზეს, მათ შორის გველების, ქამელეონებისა და აგამების. პირველის 32, მეორის 4 და მესამის 2 სახეობაში ამ ჰორმონის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენები თითქმის სრულიად იყო დაკარგული. სხვებში ისინი საერთოდ არ ფიქსირდებოდა, ზოგში კი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ გრელინის ფორმირების ხელშეწყობას ვეღარ ახერხებდა.
მეცნიერების თქმით, ეს მიუთითებს, რომ სხვადასხვა ცხოველში ეს გენები განსხვავებული ევოლუციური პროცესებისას დაიკარგა. შესაძლებელია, მხოლოდ გველებში ეს რამდენჯერმეც მომხდარიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გამქრალია ამ გენების აქტივობასთან დაკავშირებული ფერმენტი MBOAT4-იც.
"ეს დანაკარგი, სავარაუდოდ, რეპტილიებში უკიდურესი ფიზიოლოგიური და ქცევითი ადაპტაციების შედეგია. კონკრეტულად გველებში, რომლებიც 'ნადავლის' შესაძლო ნაკლებობისა და ენერგიის განაწილების მუდმივი საჭიროების პირობებში განვითარდნენ", — აცხადებენ ავტორები.
მარტივად რომ ავხსნათ, ძუძუმწოვრებში გრელინი შიმშილობისას ტვინს უბიძგებს, რომ ენერგიის მისაღებად ცხიმი დაწვას, პარალელურად კი ცხოველი საკვებს ეძებს. გველების, ქამელეონებისა და აგამების ზოგ სახეობაში სხვაგვარი რამ ხდება — ისინი ერთსა და იმავე ადგილზე მიდიან იმ იმედით, რომ იქ მსხვერპლს გადაეყრებიან, რაც ნადირობის არც ისე ეფექტიანი მეთოდია. შედეგად, მათი ორგანიზმი მეტაბოლური ენერგიის მოხმარებას ამცირებს, გრელინის წარმოქმნაში მონაწილე გენები კი ამას უწყობს ხელს. ეს შიმშილობასთან და საჭმლის მონელებასთან ასოცირებულ მეტაბოლურ ტემპს ძუძუმწოვრებთან შედარებით სრულიად უკუაქცევს და ამ სახეობებს დიდი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე გადარჩენის შანსს აძლევს.
ნაშრომი გამოცემაში Open Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები