ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ჩატბოტს ახალი სექცია დაემატება, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

მომხმარებლები ჩატბოტს სამედიცინო თემებზე აქტიურად ეკითხებიან. კომპანიის განცხადებით, პლატფორმაზე ამგვარ კითხვებს კვირაში 230 მილიონი ადამიანი სვამს. ახალი სექცია — ChatGPT Health — კი ჯანმრთელობის შესახებ ჩატებს სხვა მიმოწერებისგან განაცალკევებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ სამედიცინო რჩევას სტანდარტულ სექციაში იკითხავთ, ჩატბოტი ChatGPT Health-ში გადასვლას მოგთხოვთ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატბოტი სტანდარტულ სექციაში გაზიარებულ თქვენს გამოცდილებებს Health-ის მიმოწერაშიც გაითვალისწინებს, ამიტომ ყველაფრის ხელახლა მოყოლა არ მოგიწევთ. მაგალითად, თუ პირველ ჩატში ახსენებთ, რომ მარათონისთვის ემზადებით, ChatGPT-ს ეს ინფორმაცია ჯანმრთელობის სექციაშიც ემახსოვრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მას გაითვალისწინებს.

ჩატბოტში ინტეგრირებული ჯანმრთელობის სექცია.

ფოტო: OpenAI

გარდა ამისა, ChatGPT Health ჯანმრთელობის სხვა აპლიკაციებთანაც იქნება დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, Apple Health, Function ან MyFitnessPal. ამასთანავე, სამედიცინო სექციის მიმოწერებს OpenAI მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენებს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჩატბოტისთვის სამედიცინო რჩევების კითხვას შეიძლება უამრავი პრობლემა ახლდეს თან. ზოგადად, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) ყველაზე სავარაუდო პასუხებს გვაძლევს და არა ყველაზე ზუსტს, რადგან LLM-ებს სწორისა და არასწორის გარჩევა არ შეუძლია.

როგორც ვახსენეთ, სექცია რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი. თავიდან მისი გამოყენება მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ჯგუფს შეეძლება, რათა სექცია უკეთ გამოიცადოს. შეგიძლიათ, რიგში მყოფთა სიაში თქვენც ჩაეწეროთ, მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა ფასიან ვერსიას. ამასთანავე, ზოგი ფუნქცია, მაგალითად, სამედიცინო ჩანაწერების ინტეგრაცია, მხოლოდ ამერიკაში მყოფი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.