ბირჟა მაფიას წევრი, მიშკა მგალობლიშვილი თავისუფალია, მან მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის:

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ფანებს, ჩემს კოლეგებს, ვინც გვერდში დამიდგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა ამ ამბის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას".

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ იმსჯელა.

სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს - 50 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ქებურიას სასამართლო 15 საათზეა ჩანიშნული.

გუშინ, 11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას აღარ მოითხოვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებებისა და რეპერების მხარდამჭერი აქციის შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, ბირჟა მაფიას წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.

ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილსთბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.