რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, გარე განათება კი ჩართული არ არის. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება სპეციალურად მიიღო. მათ პროტესტის ნიშნად ტელეფონებით გაანათეს ტერიტორია.

აქცია რუსთაველის გამზირზე რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს მხარდასაჭერად იმართება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განახლება: შპს სინათლის ქალაქის ძველის თბილისის განყოფილების უფროსმა, ზაზა მუშკუდიანმა On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ გარე განათება ტექნიკური მიზეზის გამო არ ჩაირთო და მათ თანამშრომლებს ხელით მოუწიათ მისი ჩართვა.