გამიგია, რომ ადამიანების ნაწილს სტრესისას მადა ემატება ან ტკბილი უნდება, მე კი პირიქით მემართება ხოლმე. როცა ვიცი, რომ რაღაც საქმე მაქვს, ტვინი თითქოს ავტომატურად მიბლოკავს შიმშილის შეგრძნებას. ხშირად მთელი დღეც ისე გასულა, რომ საჭმელი საერთოდ დამვიწყებია. მერე ამაზე მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყე, რადგან მაინტერესებდა, მხოლოდ მე ვიყავი ასე, თუ საკმაოდ გავრცელებული ამბავი იყო.

როგორც გაირკვა, მარტო არ ვყოფილვარ. სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი ერთგვარ "საგანგებო რეჟიმზე" გადადის. ეს არის ე.წ. “იბრძოლე ან გაიქეცი” (fight-or-flight) რეაქცია, რომლის დროსაც აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა და იზრდება ისეთი ჰორმონებისა და ნეირომედიატორების გამოყოფა, როგორებიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი. პარალელურად აქტიურდება HPA ღერძიც, რომელიც საბოლოოდ კორტიზოლის გამოყოფას იწვევს.

ამ დროს ორგანიზმის მთავარი მიზანი სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაა და არა საკვების მოძიება და მონელება. სწორედ ამიტომ, მწვავე სტრესის დროს ზოგიერთ ადამიანს მადა დროებით უქვეითდება ან საერთოდ უქრება. ამ პროცესში მონაწილეობს CRH-იც — ჰორმონი, რომელიც სტრესის საპასუხო რეაქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მოკლევადიან პერიოდში მადის დათრგუნვასთან არის დაკავშირებული.

ამიტომ, რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ მოგვშივდეს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს ენერგია მაინც სჭირდება. სტრესი ზოგჯერ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მადაზე, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც — იწვევს გულისრევას, კუჭის დისკომფორტს, სპაზმის მსგავს შეგრძნებას ან შებერილობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ტვინი და საჭმლის მომნელებელი სისტემა მუდმივად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ამ ორმხრივ კომუნიკაციას ტვინ-ნაწლავის ღერძს (gut-brain axis) უწოდებენ.

ამიტომ არც არის უცნაური, თუ სტრესული სიტუაციის დასრულების შემდეგაც ვერ ვახერხებთ ჭამას. შეიძლება უკვე გვესმოდეს, რომ გვშია, მაგრამ საჭმლის დანახვაზე მადა მაინც არ გვქონდეს ან რამდენიმე ლუკმის შემდეგ დანაყრებისა და დისკომფორტის შეგრძნება გაგვიჩნდეს. სტრესის ფიზიოლოგიური ეფექტები ყოველთვის იმ წამს არ ქრება, როცა თავად სტრესული სიტუაცია სრულდება.

ამას მხოლოდ ფიზიოლოგიური მიზეზი არ აქვს. როცა ბევრი საქმე, პასუხისმგებლობა ან სანერვიულო გვაქვს, შეიძლება ჭამა უბრალოდ დამატებით დავალებად აღვიქვათ: “ჯერ ეს უნდა მოვაგვარო და მერე შევჭამ”. ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღებაც კი — რა მოვამზადოთ, რა ვიყიდოთ, როდის ვჭამოთ — დამატებით ძალისხმევად გვეჩვენება. შედეგად, შეიძლება საკვების მიღება დღის ბოლოსთვის გადავდოთ ან საერთოდ დაგვავიწყდეს.

თუმცა, საინტერესოა, რომ სტრესის მიმართ ყველა ადამიანის ორგანიზმი ერთნაირად არ რეაგირებს. მწვავე სტრესმა ერთ ადამიანს შეიძლება მადა დაუკარგოს, მეორეს კი, პირიქით — ჭამის სურვილი გაუძლიეროს. ხანგრძლივი სტრესის დროს ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით უძლიერდება მაღალკალორიული, ტკბილი ან ცხიმიანი საკვების მიღების სურვილი.

ამ პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ სტრესის დროს ჭამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს სტრესზე საპასუხო რეაქციისთვის. ამიტომ, თუნდაც მარტივი გამოსავალი — მცირე ულუფა, ხილი, იოგურტი, სენდვიჩი ან სხვა ისეთი საკვები, რომლის ჭამაც დიდ დროსა და ძალისხმევას არ მოითხოვს —რეალურად ორგანიზმისთვის დიდი შვებაა.

ჭამა არ ნიშნავს, რომ "საქმეს ვცდებით", პირიქით, კვება ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა. როცა ფიზიკურად უკეთ ვგრძნობთ თავს და საჭირო ენერგიას ვიღებთ, ყოველდღიურ საქმეებთან და სტრესთან გამკლავებაც უფრო მარტივი ხდება.