მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
ფოტო: Franz Anthony
დღეს მორიელები შედარებით მცირე ზომის ცხოველებად მიიჩნევიან, თუმცა 415 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მათი გიგანტური წინაპარი ბინადრობდა. ახალი კვლევის მიხედვით, Praearcturus gigas ყველაზე დიდი მორიელია, რომელსაც უარსებია, რადგან მისი სიგრძე ერთ მეტრს მცირედით აღემატებოდა.
ამ პრეისტორიული არსების ნამარხები პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ, სინამდვილეში რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდა იგი. კომპიუტერული ტომოგრაფიის, დეტალური გამოსახულებებისა და სხვა ნამარხებთან შედარების საფუძველზე ახლა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ Praearcturus gigas მართლაც მორიელია.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ცხოველი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როცა ხმელეთზე სიცოცხლე ჯერ მხოლოდ ვითარდებოდა. მაშინ დედამიწის ზედაპირი ძირითადად მცირე ზომის მცენარეებითა და სოკოებით იყო დაფარული, ხოლო ქვეწარმავლების, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების წინაპრები მეტწილად ჯერ კიდევ წყალში ცხოვრობდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ კონკურენციის ნაკლებობამ მისცა Praearcturus gigas-ს ამ ზომამდე გაზრდის შესაძლებლობა. მისი მარწუხები დაახლოებით 16 სანტიმეტრი სიგრძის იყო, რაც თანამედროვე მორიელების სხეულის ზომას აღემატება. ასევე, ნამარხ კიდურებზე შემორჩენილი უსწორმასწორობები იმ სტრუქტურებს ჰგავს, რომლებსაც ზოგიერთი გადაშენებული მორიელი სტრიდულაციისთვის (სხეულის ნაწილების ერთმანეთზე ხახუნით ხმის გამოსაცემად) იყენებდა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ Praearcturus gigas მხოლოდ ხმელეთზე არ ცხოვრობდა, არამედ დროის ნაწილს წყალშიც ატარებდა. საქმე ისაა, რომ უელსში აღმოჩენილ ნამარხებზე ფარფლის მსგავსი წარმონაქმნები შეინიშნება, რომლებიც თანამედროვე ლობსტერებსა და კიბორჩხალებშიც გვხვდება. ავტორთა ვარაუდით, Praearcturus gigas ნამარხების პერიოდიდან კიდევ დაახლოებით 40 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა.
ეს მიგნება მეცნიერებს წყლიდან ხმელეთზე ცხოველთა გადანაცვლების ისტორიის უკეთ გააზრებაში დაეხმარება. ნაშრომი გამოცემაში Palaeontology გამოქვეყნდა.

კომენტარები