ნეტფლიქსზე წელს დინოზავრების შესახებ ოთხეპიზოდიანი სერიალი გამოვიდა, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია და მორგან ფრიმენი ახმოვანებს. სერიალის ვიზუალური ეფექტები Industrial Light & Magic-ის (ILM) მიერ შეიქმნა — იმავე სტუდიის, რომელმაც სამი ათეული წლის წინ იურულ პარკში პირველად შემოიტანა CGI დინოზავრები კინოში. ამჯერად მათ მთელი პრეისტორიული სამყარო ააგეს ციფრულად: გადასაღებად ჯერ რეალურ ადგილებზე იღებდნენ ფონის კადრებს, შემდეგ ILM ამატებდა დინოზავრებს. ზოგიერთი სცენისთვის კი, სადაც CGI საკმარისი არ იყო, რეალური ზომის დინოზავრის ფიზიკური მოდელიც ააგეს. კრიტიკოსების თქმით, ბევრ სცენაში თითქმის შეუძლებელია გარჩევა, CGI-ა თუ რეალური ბუნების კადრი.

  • დინოზავრები დედამიწაზე 165 მილიონი წელი ბატონობდნენ — შედარებისთვის, ჰომო საპიენსი არსებობს დაახლოებით 300 000 წელი;
  • დაახლოებით 234 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დაახლოებით 1-2 მილიონი წლის განმავლობაში წვიმდა თითქმის უწყვეტად — ეს კლიმატური კატასტროფა სწორედ ის მომენტი გახდა, როდესაც დინოზავრები სხვა ცხოველებზე გაბატონდნენ;
  • ყველაზე დიდი ხორციმჭამელი დინოზავრი სპინოზავრი (Spinosaurus) იყო — T. rex-ზეც კი დიდი, და ნახევრად წყლის გარემოში ცხოვრობდა;
  • დინოზავრები გადაშენდნენ, მაგრამ ფრინველები მათი პირდაპირი შთამომავლები არიან — ანუ დინოზავრები დღესაც გვერდით გვყავს;

თუ უკვე ნახეთ ეს შოუ და დაინტერესებული ხართ, როგორ დააბალანსა სერიალის გუნდმა უახლესი მეცნიერება და კინემატოგრაფიული სიუჟეტი, რათა ეკრანზე პრეისტორიული სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გამოსახვა შეექმნა, მაშინ წარმოგიდგენთ კითხვა-პასუხის შეჯამებას, რომელიც სერიალის შემქმნელმა დან ტაპსტერმა და მეცნიერ-მკვლევარმა დოქტორმა ტომ ფლეტჩერმა რედიტზე, პალეონტოლოგიის განყოფილებაში გამართეს და დაინტერესებულ საზოგადოებას უპასუხეს კითხვებზე, რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება? სრული AMA ხელმისაწვდომია აქ.

პაქიცეფალოზავრები სერიალში დინოზავრები

ფოტო: Netflix

ერთია გარეგნობა, მაგრამ რა იციან მეცნიერებმა, როგორ იქცეოდნენ დინოზავრები?

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ეხებოდა კონკრეტულ სცენას: რატომ წვალობს დედა T. rex და მთელ Ankylosaurus-ის გვამს მიათრევს ბუდემდე, ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე ჭამოს და ბოლოს ნაჭერი მიუტანოს შვილებს, როგორც თანამედროვე ფრინველები აკეთებენ?

ტაპსტერის პასუხმა გამოავლინა სამი მეთოდი, რომელსაც გუნდი მთელ სერიალში იყენებდა:

  • "ზოგჯერ ქცევაც ქვავდება", — განმარტა მან და მოიყვანა მაგალითები: მოზაზავრის საყლაპავ მილში ნაპოვნი Hesperornis-ის ჩონჩხი, ან Allosaurus-ის ძვლები Stegosaurus-ის კუდის ეკლის ჭრილობებით. "ასევე არსებობს კვალის ნამარხების მტკიცებულებები — თეროპოდების მიერ დატოვებული ნაკაწრები, სავარაუდოდ სასიყვარულო ცეკვების დროს";
  • მტკიცებულების მეორე ხაზი არის ფილოგენეტიკური ჩარჩო — დინოზავრების უახლოეს თანამედროვე ნათესავებს (ფრინველებსა და ნიანგებს) უყურებენ სავარაუდო ქცევების დასადგენად, ყოველთვის "საშუალო მაჩვენებლისკენ" მიხრით, გამონაკლისი ქცევების ნაცვლად;
  • და ბოლოს, გუნდი ეყრდნობოდა ველური ბუნების დაკვირვების ათწლეულებს. "ჩვენ ცხოვრების დიდი ნაწილი ველურ ცხოველებს ვაკვირდებოდით", — თქვა ტაპსტერმა, — "ამიტომ გვაქვს ძლიერი ინტუიცია იმის შესახებ, რა შეუძლია და რა არ შეუძლია ცხოველს".

კონკრეტულად T. rex-ის კვების სცენისთვის გუნდმა რამდენიმე ექსპერტს სთხოვა მხარდაჭერა და მიიღო ის თანამედროვე მტაცებელი ფრინველების ქცევაში. "არიან როგორც ფრინველები, ისე ნიანგები, რომლებიც 'მოკალი და სახლში წაიღე' ტაქტიკას მიმართავენ", — თქვა ტაპსტერმა. "ერთი დიდი გათრევა შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე ნაჭრების მოსატანად ბუდიდან განმეორებითი გასვლა. როცა გვამი უკვე ადგილზეა, მოზრდილ T. rex-ს შეუძლია გააკონტროლოს წვდომა და დროთა განმავლობაში ნაშიერები გამოკვებოს".

გუნდი განსაკუთრებით ამაყობდა "T. rex-ის უფრო რბილი მხარის" ჩვენებით, ამ გამოსახვას მოწონებით შეხვდა პალეონტოლოგიური საზოგადოება.

T. rex სერიალში დინოზავრები

ფოტო: Netflix

რა ხდება, როდესაც ექსპერტები ვერ თანხმდებიან?

პალეონტოლოგიის თანდაყოლილი გაურკვევლობის გამო, მკვლევარებს შორის უთანხმოება გარდაუვალია. მაშ, როგორ მოახერხა გუნდმა კონფლიქტური მოსაზრებების გარჩევა?

"ტომის ხელმძღვანელობისა და იმის წყალობით, რომ გუნდის წევრების უმეტესობა კვალიფიციური მეცნიერია, ჩვენ არასდროს შევდიოდით მხოლოდ 'მცდარ' ტერიტორიაზე", — თქვა ტაპსტერმა — "მაგრამ გარდაუვლად ვხვდებოდით სადავო სფეროებში. მაშინ ვხვეწავდით, ვხვეწავდით და ვხვეწავდით, სანამ ჩვენი ექსპერტების კონსენსუსით კარგად დასაბუთებულ რამეს არ მივაღწევდით".

სახელმძღვანელო პრინციპი: "პალეონტოლოგიაში საბოლოო სიმართლე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით საშუალოსკენ გადახრას".

რამდენად ზუსტია ვიზუალური დეტალები?

რედიტის მომხმარებლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს კონკრეტული არჩევანები, და პასუხებმა გამოავლინა, რამდენად ღრმად წავიდა კვლევა.

ანქიორნისი სერიალში დინოზავრები

ფოტო: Netflix

ანქიორნისის ლურჯ შეფერილობაზე (Anchiornis): დოქტორმა ფლეტჩერმა განმარტა, რომ ეს ფრთოსანი დინოზავრი სინამდვილეში რუხია, "მაგრამ ლურჯი ცისგან ასახული სინათლე მას უფრო ლურჯად აჩვენებს". სიზუსტისთვის გუნდმა კონსულტაცია გაიარა პალეონტოლოგ იაკობ ვინთერთან და სხვა მეცნიერებთან, დაეყრდნო 2015 წლის კვლევას დინოზავრების ფერის შესახებ და 2018 წლის კვლევას, რომელიც ანქიორნისს უფრო ბუმბულიანად წარმოაჩენს. "დეტალები, რომელსაც ვერასდროს დაინახავთ, მაგრამ ისინი იქ არის", — თქვა ფლეტჩერმა.

მომღერალ ანკილოზავრზე (Peloroplites): ერთმა მაყურებელმა იკითხა, შთაგონებული იყო თუ არა ვოკალიზაციის სცენა 2023 წელს ანკილოზავრის ხორხის აღმოჩენით. "აბსოლუტურად, კარგად შენიშნე", — დაადასტურა მკვლევარმა თომას ლენდმა. "ნოდოზავრებს უფრო მარტივი ცხვირის სტრუქტურა და პრიმიტიული ხორხი აქვთ, ვიდრე ნამდვილ ანკილოზავრებს, ამიტომ Peloroplites-ის ხმა ოდნავ ნაკლებ ღრმა და ხმამაღალი იყო — თუმცა ამდენი ძვლოვანი ფილაქნით, რეზონანსი მაინც შთამბეჭდავი გამოდიოდა".

ასევე იხილეთ: უჩვეულო ინსტრუმენტით დინოზავრის ხმა აღადგინეს — მოუსმინეთ

მთვარის გარეგნობაზე: დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ დინოზავრების პირველ ეპიზოდში მთვარეს აკლია ერთ-ერთი ყველაზე ამოსაცნობი ნიშანი — უზარმაზარი კრატერი ტიხო — "მთვარის 'სახის' 'ღიმილი'", — თქვა ფლეტჩერმა. გუნდმა კონსულტაცია NASA-ს მეცნიერებთან გაიარა, რათა დაედგინა, მთვარის რომელი კრატერები არსებობდა სხვადასხვა პერიოდში. ვინაიდან 85 კმ-იანი კრატერი შეჯახების შედეგად დაახლოებით 108 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ის პირველი ეპიზოდის ტრიასის პერიოდის სცენებში არ ჩანს.

ფოტო: Netflix

რატომ არ მოხვდა სერიალში ზოგიერთი ცნობილი დინოზავრი?

150 მილიონზე მეტი წლის ოთხ ეპიზოდში დასაფარად რთული არჩევანი გარდაუვალი იყო. ცერატოფსიანები — რქოსანი დინოზავრების ჯგუფი, რომელშიც შედის ტრიცერატოფსი (Triceratops) და ტაპსტერის პირადი ფავორიტი სტირაკოზავრი (Styracosaurus) — ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ "მომხიბვლელი ჯგუფია ბრწყინვალე ისტორიით", — ამბობს ის.

დრომეოზავრებიც (რაპტორები) ძირითადად არ იყვნენ წარმოდგენილი, გარდა ბოლოს მოკლე გამოჩენისა. როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს, ტაპსტერმა განმარტა: "ისინი არ ამოვიღეთ. ჩავამატეთ. ეს იყო გადაღებული კადრი Life on Our Planet-ის მე-5 ეპიზოდიდან, რომელიც სრულყოფილი იყო ფრინველი/დინოზავრის მონტაჟისთვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს რაპტორები არ იყვნენ დინოზავრების ნაწილი".

"საბოლოოდ, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რა სჭირდებოდა ჩვენს მთავარ ნარატივს" — განმარტა ტაპსტერმა. ეპიზოდური მიდგომის ნაცვლად გუნდი შეგნებულად მიდიოდა "აღმავლობა, მეფობა და დაცემა" კონცეფციით. "თუ ხარ მაგარი დინოზავრი, რომელმაც სიუჟეტი წინ ვერ წაწია, რადგან ევოლუციურად დიდი წვლილი არ შეიტანე... ან ისეთ დროს ცხოვრობდი, როდესაც დედამიწაზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა... მაშინ სერიალში ვერ მოხვდი"!

მიუხედავად ამისა, ტაპსტერმა გაგრძელების იმედი გამოთქვა: "ენთუზიაზმი და სურვილი გვაქვს, და კარგი იქნებოდა სხვა ფორმატი, სადაც ყველა გამოტოვებული დინოზავრი ჩაეტეოდა"!

ნახეთ სერიალის თრეილერი:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.