NASA-მ მთვარეზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი სრული წარმატებით გადადგა. 11 აპრილს წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა ხომალდი Orion, რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფებოდა. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანში ეს პირველი ეკიპაჟი იყო, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს პროგრამა Artemis სწორედ მთვარეზე დაბრუნებას ისახავს მიზნად. მის ფარგლებში განხორციელებული პირველი მისია უეკიპაჟო იყო და ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა. ამის შემდეგ მთვარისკენ უკვე ასტრონავტები გაუშვეს, რითაც რაკეტა SLS-ისა და Orion-ის კაფსულის ეფექტიანობის დემონსტრირება შეძლეს.

ახლა ყველას აინტერესებს, რა იქნება შემდეგ? როდის დაეშვებიან ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე და, ზოგადად, რა გეგმები აქვს NASA-ს მთვარესთან დაკავშირებით?

წინამდებარე სტატიაში გიყვებით ყველაფერზე, რაც სამომავლო მისიების შესახებ უნდა იცოდეთ.

Artemis 3 და შეცვლილი გეგმები

ფოტო: NASA

დიდი ხნის განმავლობაში სწორედ Artemis 3 განიხილებოდა ისეთ ისტორიულ მისიად, რომელიც კაცობრიობას მთვარის ზედაპირზე დააბრუნებდა. ციური სხეულის გარშემო მოგზაურობის შემდეგ ამგვარი ნაბიჯი პროგრამის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, თუმცა თებერვლის მიწურულს NASA-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა.

სააგენტომ საზოგადოებას განუცხადა, რომ ფრენები არა რამდენიმეწლიანი, არამედ 10-თვიანი შუალედით განხორციელდება. რაც მთავარია, Artemis 3-ის განმავლობაში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან და არც მის გარშემო იმოგზაურებენ. მისია 2027 წლის შუა პერიოდშია ჩანიშნული და დედამიწის ორბიტაზე ეკიპაჟის გაშვებას ითვალისწინებს, რათა იქ ხომალდები დატესტონ. კერძოდ, NASA-ს სურს, რომ აპარატების მანევრირება, მათ შორს მოდულების მიერთება, გამოცადოს.

სააგენტოს ხელმძღვანელ ჯარედ აიზეკმენის თქმით, ამ ეტაპზე Artemis 3-ის შესახებ მხოლოდ ისეთი დეტალების დაზუსტებაა საჭირო, თუ, მაგალითად, დედამიწის რომელ ორბიტას აირჩევენ. შეიძლება ეკიპაჟი დაბალ ან მაღალ ორბიტაზე გაუშვან, თუმცა ასტრონავტების ვინაობა ჯერ არ გაუმჟღავნებიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ მისიისთვის საჭირო მოწყობილობებზე აქტიურად მუშაობენ. რაკეტა SLS-ის ზოგიერთი ნაწილი უკვე კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვებ პუნქტშია, სხვა კომპონენტებს კი იქ ლუიზიანაში მდებარე სპეციალური საწარმოო კომპლექსიდან გაგზავნიან.

Artemis 3 დიდწილადაა დამოკიდებული ზედაპირზე დასაშვებ მოდულებზე, რომელთა შექმნაც ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ორბიტაზე ილონ მასკის კომპანიის Starship HLS და/ან ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Moon Mark 1 უნდა დატესტონ. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ამ დრომდე არ გამოუცდიათ.

მარცხნივ Blue Moon არის ნაჩვენები, მარჯვნივ კი — Starship.

ფოტო: NASA

Starship-მა 11 საცდელი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა, რომელთაგანაც 2 შედარებით წარმატებული იყო (დანარჩენი გაშვებები აფეთქებებით სრულდებოდა). აპარატს ჯერ დედამიწის ორბიტამდე არ მიუღწევია. ამჟამად უცნობია, რომელი ხომალდი მიიღებს მონაწილეობას მისია Artemis 3-ში, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ NASA-მ ორივე მათგანს მისცეს შანსი.

მისიის განმავლობაში ეკიპაჟი ორბიტაზე SLS-ზე მოთავსებული Orion-ით გაფრინდება. იქ განალაგებენ კერძო აპარატებსაც, რომლებსაც დამოუკიდებელი მისიების ფარგლებში გაგზავნიან. ამის შემდეგ კაფსულთან Starship-ის და/ან Blue Moon-ის მიერთებას ეცდებიან, ასევე სხვადასხვა მანევრს. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე სწორედ რომელიმე მათგანის მეშვეობით უნდა დაეშვან.

ამ მხრივ Artemis 3 გარკვეულწილად ჰგავს მისია Apollo 9-ს, რომელიც 1969 წელს განხორციელდა. მის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე მთვარის მოდულის ძრავები, სანავიგაციო და სიცოცხლის ხელშემწყობი სისტემები, კაფსულის მიერთების სიზუსტე და სხვა ფუნქციური დეტალები დატესტეს.

Artemis 4, ანუ ადამიანის დაბრუნება მთვარის ზედაპირზე

Artemis 3 გზას გაუკვალავს პროგრამის მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს — დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ეკიპაჟის დაშვებას. ეს მისია 2028 წლის პირველ ნახევარშია ჩანიშნული და ასტრონავტებს ამ შემთხვევაშიც SLS-ზე მოთავსებული Orion-ით გაუშვებენ.

მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად ისინი სპეციალურ მოდულში გადავლენ: ეს ან Starship HLS იქნება, ან — Blue Moon Mark 1. სწორედ ამისთვისაა საჭირო აპარატების მიერთებისთვის მომზადება, რათა ეკიპაჟის უსაფრთხოება და ტექნოლოგიური მზაობა უზრუნველყოფილი იყოს. ასტრონავტები დედამიწაზე ისევ Orion-ით დაბრუნდებიან და წყნარ ოკეანეში დაეშვებიან, როგორც ეს Artemis 3-ის შემთხვევაში მოხდა.

სააგენტოში მისიისთვის SLS-ის მეორე საფეხურის ალტერნატივასაც განიხილავენ, რომლითაც პირველ სამ ფრენაში გამოყენებული კრიოგენურ ძრავათა საფეხური ჩანაცვლდება. ასევე, აღარ დასჭირდებათ რაკეტის ნაწილი Exploration Upper Stage და გამშვები კონსტრუქცია Mobile Launcher 2, რომელთა შექმნის პროცესიც ზედმეტად გახანგრძლივდა.

Artemis 4-ის განმავლობაში ასტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ დაეშვებიან. ისინი გარემოს დააკვირდებიან, ნიმუშებს შეაგროვებენ და რეგიონის შესახებ მონაცემების მოპოვებას ეცდებიან. ეკიპაჟში 4 წევრი იქნება, რომელთაგანაც ზედაპირზე მხოლოდ 2 გადავა და იქ დაახლოებით ერთ კვირას გაატარებს. მათი კოლეგები მთვარის ორბიტაზე დარჩებიან.

ასტრონავტებს კომპანია Axiom Space-ის მიერ შექმნილი სკაფანდრი ეცმევათ, რომელიც მათ კოსმოსის რადიაციისგან დაიცავს. მისი მეშვეობით ისინი მთვარის ზედაპირზეც გაივლიან. რაც შეეხება დაშვების ადგილს, NASA-მ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 9 რეგიონი მონიშნა, რომლებიც ამგვარი მისიისთვის შესაფერისია. თითოეული მათგანი დასაჯდომად ხელსაყრელ რამდენიმე არეალს მოიცავს და, საბოლოოდ, ერთ-ერთს აირჩევენ.

ფოტო: NASA

ეს რეგიონები მრავალფეროვანი გეოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა და მისიის მოქნილობის უზრუნველყოფაც შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსი აქამდე ეკიპაჟს არასდროს შეუსწავლია (იგულისხმება პროგრამა Apollo-ს ფრენები), ამიტომ Artemis 4-ის დროს პირველი ასეთი პრეცედენტი იქნება.

მთვარის ამ ნაწილში მუდმივად ჩრდილში მოქცეული ადგილებია, რომელთა მიმდებარედაც შეიძლება ბუნებრივი რესურსები იყოს შემონახული, მათ შორის წყალი. ეს არეალები სრულიად განსხვავდება იმ გარემოსგან, სადაც Apollo-ს ასტრონავტები დაეშვნენ. იქ მთვარის ერთ-ერთი უძველესი ლანდშაფტია. ამის გამო მოსალოდნელია, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ბევრი ახალი რამ გავიგოთ და საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთოთ.

Artemis 5 — მთვარის ბაზის მშენებლობის დასაწყისი

Artemis 4-ის შემდეგ რიგით მეხუთე მისიაა, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე კიდევ ერთხელ დაეშვებიან. ეს ფრენა 2028 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ წელში 2 უმნიშვნელოვანესი მისია განხორციელდება.

NASA-ს მიერ პროგრამაში შეტანილი ცვლილებები Artemis 5-საც შეეხო. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად ის მთვარის ორბიტაზე კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ისთვის ახალი ელემენტების მიმატებას გულისხმობდა, მაგრამ მისი აშენების გეგმა დაპაუზდა. სააგენტომ ახალი მიზანი დაისახა — მთვარეზე ბაზის დაარსება, რასაც საფუძველს სწორედ Artemis 5 ჩაუყრის.

ფოტო: NASA

მისიის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდოდ, მასში მონაწილეობას 4 ასტრონავტი მიიღებს, რომელთაგანაც მთვარის ზედაპირზე 2 დაეშვება. არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ დაიწყებენ ბაზის აშენებას Artemis 5-ის განმავლობაში, თუმცა NASA-ს მთლიანი პროცესი სამ ფაზად აქვს დაყოფილი.

პირველი ფაზა: აშენება, ტესტირება, შესწავლა

პირველი ფაზა NASA-სთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ მისიებს გულისხმობს. ის მოიცავს მთვარის კომერციული ტვირთის ტრანსპორტირების პროგრამის გააქტიურებას, ანუ იქ მავალებისა და რობოტული ზონდების გაგზავნას, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივი რესურსების მოპოვებას ეცდებიან.

ასევე, დედამიწის თანამგზავრზე უნდა გაუშვან სპეციალური მავალი Lunar Terrain Vehicle (LTV), რომლის მეშვეობითაც ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე გადაადგილებას შეძლებენ. ამ ყველაფრის მეშვეობით მთვარის ათვისების ტემპი დაჩქარდება, იქ საჭირო მოწყობილობებსა თუ ტექნოლოგიას დროულად განათავსებენ და მათ გამოცდიან კიდეც. ეს ტექნოლოგია აერთიანებს როგორც გადაადგილების საშუალებებს, ისე ენერგიის გამომუშავების (მათ შორის რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორებით), საკომუნიკაციო, სანავიგაციო და სამეცნიერო დანიშნულების სისტემებს.

მეორე ფაზა: ადრეული ინფრასტრუქტურის შექმნა

მეორე ფაზის დროს სააგენტო მანამდე განხორციელებული მისიებიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით პირველადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე გადავა. მასში სიცოცხლისთვის შესაბამისი პირობები სანახევროდ იქნება.

ფოტო: ESA

აღნიშნული ფაზა ასტრონავტების მიერ მთვარის ზედაპირზე გარკვეულ აქტივობებსაც მოიცავს და საერთაშორისო თანამშრომლობასაც მოიაზრებს. მათ შორისაა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მავალისა და, პოტენციურად, სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ კომპანიების სამეცნიერო ტვირთის განთავსება მთვარეზე.

მესამე ფაზა: ბაზაში ადამიანთა ხანგრძლივად ყოფნის უზრუნველყოფა

NASA-ს გეგმების მიხედვით, მესამე ფაზის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაშვებისა და ტვირთის ჩატანის სისტემები უკვე აქტიურ რეჟიმში იმუშავებს. სწორედ მაშინ სააგენტო იქ ბევრად მასშტაბური ინფრასტრუქტურის აშენებას დაიწყებს, რომელიც ამ ციურ სხეულზე ადამიანთა მუდმივად ყოფნას გახდის შესაძლებელს.

ასე გადავალთ პერიოდული ექსპედიციებიდან მთვარის პერმანენტულ ბაზამდე, რომელშიც სხვა ქვეყნების მოდულებიც იქნება. მაგალითად, ასეთია იტალიის კოსმოსური სააგენტოს მრავალჯერადი დანიშნულების ჰაბიტატები. ასევე, იქ გაგზავნიან კანადის კოსმოსური სააგენტოს "დამხმარე" მავალს, რომელიც ტვირთს შეაგროვებს, მარაგებს გადაანაწილებს და ა.შ.


Artemis 5-ის შემდეგ NASA მთვარის ზედაპირამდე ფრენებს ყოველ 6 თვეში განახორციელებს, რისთვისაც მრავალჯერადი გამოყენების აპარატებს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, გეგმები მთვარის ფარგლებსაც სცდება, რადგან მომდევნო გაჩერება მარსია.

სააგენტომ 2028 წლისთვის წითელ პლანეტაზე ბირთვულ ენერგიაზე მიმუშავე პლანეტათაშორისი ხომალდის გაშვება უკვე დააანონსა. აიზეკმენმა ბირთვული ხომალდი Space Reactor‑1 Freedom-ის სახელით მოიხსენია. მისია მინი ვერტმფრენების გაშვებას მოიაზრებს, რომელთა მეშვეობითაც მარსის ზედაპირს შეისწავლიან. ეს პლანეტათაშორისი ფრენების განვითარებას ისახავს მიზნად, რათა მარსზე ასტრონავტებიც გაგზავნონ.

მანამდე ყურადღების ცენტრში მთვარეა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა კი 2028 წელს ველოდებით, როცა ბოლო რამდენიმე დეკადაში პირველად ადამიანი მთვარის ზედაპირზე დაეშვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.