Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
ეკიპაჟი დედამიწას რეკორდული მანძილით დაშორდა და მთვარეს შემოუარა — Artemis 2-ის მთავარი მიზანი მიღწეულია!
ფოტო: NASA
2026 წლის 6 აპრილს, ღამით, NASA-ს Artemis 2 მისიის ეკიპაჟი ისტორიაში შევიდა — 50 წლის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა. ეს ოთხმა ასტრონავტმა შეძლო: რიდ ვაისმანმა, ქრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და ჯერემი ჰანსენმა.
ეკიპაჟის კაფსული, სახელად Integrity, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში უვლიდა გარს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს. მთვარესთან ყველაზე ახლოს — მთვარის ზედაპირიდან 6 545 კილომეტრ მანძილზე — ისინი 7 აპრილს, თბილისის დროით 03:00-ისთვის, მივიდნენ. შემოვლის დროს დაამყარეს რეკორდიც და დედამიწას 406 771 კილომეტრით დაშორდნენ. წინა რეკორდი Apollo 13-ს ეკუთვნოდა 1970 წელს.
"ამ მომენტით გვინდა, ეს და მომავალი თაობა გამოვიწვიოთ, რათა ეს რეკორდი დიდხანს არ შენარჩუნდეს", — თქვა ჰანსენმა.
გაფრენისას ეკიპაჟი დეტალურად გაწერილ გეგმას მიჰყვებოდა. მათი მთავარი სამიზნე ე. წ. აღმოსავლეთის აუზი იყო — თითქმის 1000 კილომეტრი სიგანის კრატერი, რომელსაც მთვარის დიდ კანიონსაც უწოდებენ. ეს ადგილი მზის შუქზე ადამიანის თვალს აქამდე არასოდეს უნახავს.
მეთაურმა ვაისმანმა აღნიშნა, რომ კრატერს საოცრად ზუსტი წრიული ფორმა აქვს. თქვა ისიც, რომ კრატერის რგოლი ჩრდილოეთით უფრო ფართო და მუქი იყო, სამხრეთით კი — შედარებით ღია.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ის იყო, რომ ეკიპაჟმა მზის სრულ დაბნელებას უყურა უნიკალური ადგილიდან. მთვარე მათი ხედვის არეალის დიდ ნაწილს იკავებდა, ამიტომ მზე დაახლოებით 53 წუთის განმავლობაში იყო დაფარული. შედარებისთვის, დედამიწიდან დანახვისას ნებისმიერი დაბნელების მაქსიმალური ხანგრძლივობა მხოლოდ 7.5 წუთია.
"მზე მთვარის უკან გავიდა, გვირგვინი ისევ ხილვადია და ჰალოს წარმოქმნის თითქმის მთლიანი მთვარის გარშემო. ვაუ — ეს საოცარია", — აღწერა გლოვერმა.
ეკიპაჟმა, სხვათა შორის, უსახელო კრატერებისთვის სახელების შერქმევაც მოისურვა. უნდათ, რომ ერთს თავიანთი კაფსულის მსგავსად Integrity შეარქვან, ხოლო მეორეს კი ქეროლი — სახელი ვაისმანის ცოლისა, რომელიც 2020 წელს სიმსივნემ იმსხვერპლა. ფრენის მართვის ცენტრი ინიციატივას თბილად გამოეხმაურა: "კრატერები Integrity და Carroll, ყველაფერი გასაგებია".
Artemis 2 პირველი მისიაა 1972 წლის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ორბიტის მიღმა გავიდნენ. შემდეგი ნაბიჯი უკვე მთვარეზე დაჯდომა იქნება Artemis 3-ის ფარგლებში.
კომენტარები