მეცნიერები ისეთი სისტემის აღმოჩენის შესახებ გვამცნობენ, რომელშიც ეგზოპლანეტების განლაგება ასტრონომიულ მოდელებს არ შეესაბამება.

საქმე ისაა, რომ ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მზესთან ახლოს ჯერ მყარი, კლდოვანი ციური სხეულებია (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი), შორს კი — აირისგან შედგენილი (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი), რაც უნივერსალურ კანონზომიერებად მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, ირმის ნახტომის სქელ დისკოში მდებარე ვარსკვლავ LHS 1903-ის გარშემო ეგზოპლანეტების მსგავსი მიმდევრობა ირღვევა.

ესაა წითელი ჯუჯა მნათობი (მზეზე "გრილი" და ნაკლებად ელვარე), რომლის ირგვლივაც სამი ასტრონომიული ობიექტი იყო დაფიქსირებული: ყველაზე ახლოს კლდოვანი ეგზოპლანეტა, შემდეგ კი — აირის გიგანტები. ახლა ევროპის კოსმოსურ ტელესკოპ CHEOPS-ით ვარსკვლავისგან ყველაზე შორს მეოთხე სხეულიც დააფიქსირეს, რომელიც, მეცნიერთა გასაკვირად, მყარი აღმოჩნდა.

"ეს მას 'გარედან შიგნით' განლაგების სისტემად აქცევს, რომელშიც კლდოვანი-აირადი-აირადის შემდეგ ისევ კლდოვანია. ჩვეულებრივ, მყარი პლანეტები ვარსკვლავისგან ასე შორს არ ყალიბდება", — აცხადებს ასტროფიზიკოსი, ტომას უილსონი.

ასეთია დისკო, რომელშიც პლანეტები წარმოიქმნება.

ფოტო: JPL-NASA

ზოგადად, შიდა პლანეტები კლდოვანი და პატარა იმიტომაა, რომ ვარსკვლავის ძლიერი რადიაცია მათ აირის უდიდეს ნაწილს უფანტავს. შედარებით შორეულ რეგიონებში პლანეტები აირის მიერთებასა და შენარჩუნებას ახერხებს, რის შედეგადაც აირის გიგანტებს ვიღებთ. მაშ, რა მოხდა LHS 1903-ის სისტემაში ისეთი, რამაც ასეთი კანონზომიერება დაარღვია?

მეცნიერების აზრით, შესაძლოა, იქ პლანეტები არა ერთდროულად, არამედ მიყოლებით ჩამოყალიბებულიყო. ფართოდ მიღებული მოდელის მიხედვით, პროტოპლანეტარულ დისკოში არსებულ მტვერსა და აირში, ამავე მატერიის მეშვეობით, ობიექტები თანადროულად ფორმირდება. ავტორების ჰიპოთეზა ისაა, რომ LHS 1903-ის გარშემო მეოთხე სხეული იმ დროს წარმოიქმნა, როცა საკმარისი აირი უკვე აღარ იყო ხელმისაწვდომი.

ეს აღმოჩენა ასტრონომებს ამჟამინდელი თეორიების გადახედვასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება. ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.