აზერბაიჯანმა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, რაფაელ ხალილოვი და სამინისტროს სამი სხვა მაღალჩინოსანი დააკავა.
ხალილოვი და სამი მაღალჩინოსანი 13 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მათ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ხალილოვთან ერთად დაკავებული ერთ-ერთი სახმელეთო ჯარების ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, ბაირამ ბაირამოვია. დაკავებულებს 5,9 მილიონი დოლარის გაფლანგვას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აზერბაიჯანის სამხედრო ანალიტიკოსმა, ჯასურ მამადოვმა OC Media-ს განუცხადა, რომ ეს დაკავებები თურქეთის შეიარაღებული ძალების "მოდელის" საფუძველზე, აზერბაიჯანული სამხედროს "რეორგანიზაციას" უკავშირდება.
"ეს დაკავებები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელისუფლება გზას ხსნის თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხაზისთვის", — განაცხადა მამადოვმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ სამხედრო სამსახურის რეფორმებში მსგავს "წმენდას" შეიარაღებულ ძალებში კორუფციის აღკვეთასთან დაკავშირებით შეზღუდვები ექნება, რადგან კორუფცია "დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკუთვნის", რომელიც ხელუხლებელი დარჩება და "სამხედრო სამსახურს მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად გაწმენდს".
"ეს პროცესები უბრალოდ სხვა ინსტიტუტებისა და სამხედროებისთვის მაგალითის მიცემასა და დაშინებას ემსახურება", — თქვა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები