ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქართული ოცნების რესურსი ამოწურულია, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ველოდი, მაგრამ არ ველოდი ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არა აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური, სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. არ ვსაუბრობ ყველაზე, ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, ხელმძღვანელობაშიც, არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია", — თქვა მან.