სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ მედიატორების შეთავაზება მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, ქართული ოცნებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა იმაზე არ არის საუბარი, რას დათანხმდება ქართული ოცნება, რაზე დათანხმდება ოპოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები და იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავაზება მედიატორების მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის. ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ", — განაცხადა ვაშაძემ.

დანიელსონის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრა დღეს 16:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა 1 საათით გადაიდო და 17:00 საათზე დაიწყო. მანამდე ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო.

დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს 29 მარტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ 30 მარტს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ საერთო შეხვედრაზე წარადგენს დოკუმენტს, რომელსაც შეთანხმების შემთხვევაში მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.