ერთი ნახვით სიყვარულის გჯერათ?

მე დავიჯერე, როცა სვანეთს პირველად ვესტუმრე. რაღაც უხილავი გრძნობა და დამოკიდებულება გამიჩნდა იქაური მთების, ბუნების, კოშკების, კულინარიისა და ყველა იმ სოფლის მიმართ, რომლებიც იქ წლების განმავლობაში მინახავს. თითოეული სეზონი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, ფერთა ცვლილება კი აკვარელით შესრულებულ ნახატს მოგაგონებთ.

წარმოიდგინეთ, დილით ახალგაღვიძებულზე ფარდას სწევთ და ფანჯარაში მზის ამოსვლის ფონზე, თოვლით დაფარულ მთებს უყურებთ. მთები ისე ახლოსაა, თითქოს ხელით შეეხებით, თითქოს მათ დაპყრობას შეძლებთ, ტკბებით ამ სანახაობით და უსასრულო ფიქრებში ეშვებით. ამ გარემოცვაში სხვანაირად გიხარია და შეიძლება, გწყინს კიდეც ყველაფერი: სხვა ადამიანი ხდები, შენი შინაგანი განწყობა და ხასიათი კი გარეთ გამოდის, ბუნებას ერწყმის და ემოციები ჰაერში იფანტება.

ფოტო: მაიკო გაგუა

მიყვარს ის გზა, რომლითაც სვანეთში მიდიხარ — დაუსრულებელი და გრძელი გზა, მთვარით განათებულ ცას რომ გასცქერი და ერთი სული გაქვს, გაჩერდე, რომ ეს წამი დააფიქსირო, სანამ ღრუბელი მოეფარება. მიყვარს ის სახლი, სადაც ყოველ წელს სიხარულით და ხელგაშლილი მელიან; ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახის წევრებად იქცნენ; იმ ჭიშკრის ხმა, რომელიც გაღება-დახურვის დროს ისე ხმაურობს, რომ ძილს გიფრთხობს… ის აივანიც მიყვარს, სადაც პირველი და ბოლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, ემოციებით სავსე. მიყვარს ის კაფეც, სადაც ყოველთვის გემრიელი კუბდარი მელოდება; ის სასმელიც, რომელიც მთაში სულ სხვანაირად გახვევს თავბრუს; ის საქანელაც მიყვარს, რომელზეც ყოველწლიურად ვიღებ ფოტოს და ის სიმღერებიც, რომლებსაც რაღაც ადგილებთან, მომენტებთან და კონკრეტულ წამებთან ვაკავშირებ და მერე მთელი წელი მიმყვება. გაზაფხულიც მიყვარს აქ, ზაფხულიც, შემოდგომაც და ცივი, თოვლიანი ზამთარიც. ყველა სეზონს თავისი ბედნიერი წამები ახლავს, რომელთა დავიწყება შეუძლებელია.

სვანურ კულტურაში მთები მხოლოდ ბუნების ძეგლები როდია — მათ ცოცხალ, სულიერ არსებებად აღიქვამენ, რომელთაც საკუთარი ხასიათი, განწყობა და ისტორიაც აქვთ.

თეთნულდი

"სვანეთის დედოფალი" თეთნულდი ჩემთვის გამორჩეულია თავისი სილამაზით, პირამიდული ფორმით, სინაზითა და სისპეტაკით. თეთნულდი ყველა სეზონზე ასე თეთრად არის შემოსილი და გასცქერის თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს — უშბას. ეს მთა ღრუბლებისა და ნისლის თეთრ ჩადრს ხშირად იხურავს, რათა საყვარელ უშბას თავისი ცრემლები და დარდი დაუმალოს. მისი სიმაღლე 4 858 მეტრია და საქართველოს მწვერვალებს შორის მე-10 ადგილზეა. სვანურად "თეთნულდი" ნიშნავს "მოთეთროს" ან "მუდამ თეთრს".

ფოტო: მაიკო გაგუა

უშბა

უშბა კი უფრო ამაყი, მრისხანე და შეუპოვარი ხასიათით, ორი მკვეთრად გამოხატული მწვერვალით გამოირჩევა. სამხრეთი უშბა სიმაღლით 4710 მეტრია, ჩრდილოეთი უშბა კი — 4 690 მეტრი. "უშბა" სვანურად "უშიშართა ადგილს" ან "უშიშართა მთას" ნიშნავს.

ფოტო: მაიკო გაგუა

უშბასა და თეთნულდის ლეგენდა სვანური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური და სევდიანი ამბავია, რომელიც ამ ორი გამორჩეული მწვერვალის ბუნებასა და იერსახეს ხსნის. ხალხური გადმოცემის თანახმად, უშბა და თეთნულდი ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანები — გოგო და ბიჭი იყვნენ, რომელთაც ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ, თუმცა მათ გაერთიანებას ხელი შეუშალა ხალხის მტრობამ და გვაროვნულმა დაპირისპირებამ, შედეგად კი ერთად ყოფნის უფლება არ მისცეს. როდესაც მიხვდნენ, რომ ამქვეყნად ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო, ღმერთს მარადიული კავშირი შესთხოვეს. ღმერთმაც შეისმინა და ისინი მტკიცე მწვერვალებად აქცია, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ აღიმართნენ.

ფოტო: მაიკო გაგუა

სვანებისთვის ეს ლეგენდა მჭიდროდაა დაკავშირებული ამინდის ცვლილებასთან. როდესაც თეთნულდზე ან უშბაზე ამინდი ფუჭდება, ადგილობრივები ხუმრობით ამბობენ, რომ შეყვარებულებს შორის კვლავ დარდი ან განშორების სევდა ჩამოწვაო.

სვანური კოშკი

ფოტო: მაიკო გაგუა

ეს მხარე მხოლოდ მთებით არ არის ცნობილი და გამორჩეული. სვანეთის უნიკალური კულტურული ლანდშაფტის მთავარი სიმბოლოა სვანური კოშკი. ეს თავდაცვითი და საცხოვრებელი ნაგებობები ძირითადად IX–XIII საუკუნეებით თარიღდება. კოშკები აშენებულია რიყის, ფიქლის ან კირქვის ფილებისგან, ხოლო ფასადი დაფარულია სპეციალური ბათქაშით, რაც ნაგებობას განსაკუთრებულ მდგრადობას სძენს მიწისძვრებისა და ზვავების დროს. დღესდღეობით სვანური კოშკები, განსაკუთრებით მესტიასა და უშგულში, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ფოტო: მაიკო გაგუა

თუ ამ ცხელ ზაფხულში საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას გეგმავთ, სვანეთი ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივად დატვირთული მხარეა, ამიტომ ნამდვილად არ ინანებთ. აი, ის ადგილები, რომლებსაც სვანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ:

მესტია

ფოტო: მაიკო გაგუა

უშგული

ფოტო: მაიკო გაგუა

მულახი

ფოტო: მაიკო გაგუა

წვირმი

ფოტო: ნანა გრიგალაშვილი

ლენჯერი

ჰეშკილი

ფოტო: მაიკო გაგუა

იფარი

ფოტო: ნანა გრიგალაშვილი

ეცერი

ფოტო: ნანა გრიგალაშვილი