სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად ედებათ მარნეულში მდებარე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომლის მეშვეობით გაუმართავი ავტომობილებისათვის ყალბი დადებითი დასკვნების სისტემატურად გაცემა.

სუს-ის ცნობით, დაკავებულები მოქალაქეებისგან ფულის სანაცვლოდ ტექინსპექტირების ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს და კანონის გვერდის ავლით აფორმებდნენ იმ მანქანებს, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის — შპს "ტექ-2017"-ის თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა; დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.