უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთის ერთ-ერთ წამყვან თავდაცვით კვლევით ინსტიტუტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. შედეგად, მათ ხელში ჩაუვარდათ ათეულობით გიგაბაიტი საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც რუსეთის სარაკეტო, უპილოტო სამხედრო აპარატებისა და ლაზერული იარაღის პროგრამებს მოიცავს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით კვლევითი ცენტრი "პოლიუსი" რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს. მოპოვებული არქივი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიმოწერებსა და სხვა ტექნიკურ დოკუმენტებს მოიცავს, ხოლო კერძოდ ჩანაწერები იძლევა ინფორმაციას დრონებისა და რაკეტების მოდერნიზაციის პროგრამების შესახებ.

მოსკოვში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "პოლიუსი"

ფოტო: Polyus Institute

უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ჩინეთის მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. ასევე, ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული ტექნიკური კომპონენტები რუსული "ისკანდერის" ტიპის რაკეტების სანავიგაციო სისტემებში სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება.

გაჟონილი დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ რუსეთი დრონების საწინააღმდეგო ლაზერული სისტემების შექმნას აქტიურად ცდილობს. უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს იმასაც, რომ ამ სისტემის პროტოტიპები რუსეთის ბრიანსკის რეგიონში უკვე საცდელ ეტაპზე გადაიტანეს. ამ ტექნოლოგიით რუსეთი დრონებისა და სხვა საჰაერო სამიზნეების დაფიქსირებასა და განეიტრალებას ისახავს მიზნად.

უკრაინის დაზვერვამ ისეთი ინფორმაცია ჩაიგდო ხელში, რომელიც რუსეთის მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი სისტემების წარმოებას ეხება — მათ შორისაა პროცესში ჩართული რუსი ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების პირადი ინფორმაციაც. ამის გარდა, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის სუსტ მხარეებსაც ნათელი მოეფინა. გამოვლენილი ინფორმაცია უკრაინის სამომავლო თავდაცვითი ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს.

მეტიც, ცოტა ხნის წინ უკრაინელმა სპეციალისტებმა ხელში ჩაიგდეს დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის ბირთვული შეიარაღების ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.