"თუკი გიორგი ჩახუნაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ, — ამის შესახებ გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებს 72 წლის ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

"თუკი გიორგი ჩახუნაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას, მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი.

...ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს — მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია", — განუცხადა გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებს.

19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი დამნაშავედ ცნო. მათ შორის იყო 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.