რვადღიანი ძებნის შემდეგ, ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო.

ბიჭის ცხედარი 22 ივნისს იპოვეს და საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამძებრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. იმავე დღეს დაკრძალვა გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

ხიზირი 15 ივნისს მდინარე სუნჟამ წაიღო. ის იმ დღეს მდინარეზე ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ბიჭი, ადამი, წყალში ჩავარდა, მაგრამ ხეს მიეკრა. ხიზირი მის დასახმარებლად გაიქცა, მაგრამ ძლიერმა დინებამ წაიღო. მესამე ბიჭი უფროსების დასაძახებლად გაიქცა და ადამი გადაარჩინეს.

ინტერნეტის მომხმარებლებმა ხიზირს "პატარა გმირი" უწოდეს. ხალხი წერდა, რომ რვა წლის ასაკში ის ზრდასრულივით მოიქა და შიშის გარეშე ცდილობდა მეგობრის სიცოცხლის გადარჩენას.

მდინარეში ჩახტომამდე ხიზირმა მეგობარს უთხრა: "ჩვენ კაცები ვართ, ჩვენ მას გადავარჩენთ".

მაშველების, მოხალისეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ხიზირის ძებნაში ათასობით მოხალისე ჩაერთო ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან.

ოპერაციის მონაწილეებმა შეისწავლეს სუნჟას მდინარის კალაპოტი, მისი ნაპირები და მიმდებარე ტერიტორიები. ძებნა მნიშვნელოვნად გართულდა მდინარის ადიდებისა და ხანგრძლივი წვიმების შემდეგ დინების გაძლიერების გამო.