საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითადი შედეგების თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 930 000-ით განისაზღვრა. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი.

2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით (216 ათასი კაცით).

საქსტატის განცხადებით, აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს ქალაქად, ხოლო 38% — სოფლად.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან:

  • რუსეთის მოქალაქე — 37,7 ათასი;
  • ინდოეთის მოქალაქე — 23,9 ათასი;
  • უკრაინის მოქალაქე — 11,5 ათასი;
  • აზერბაიჯანის მოქალაქე — 8,3 ათასი;
  • სომხეთის მოქალაქე — 5,4 ათასი.

აღწერის თანახმად, მოსახლეობის 84.1% (3 304 ათასი) ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით (80 ათასი). შემდეგ მოდიან:

  • აზერბაიჯანელი ეროვნების მქონე მოქალაქეები — 269 ათასი კაცით, რაც მთლიანი
    მოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს.
  • სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეები — 4.3%-იანი წილით.
  • რუსი ეროვნების მოქალაქეები — 1.1%-ით
  • ინდოელები — 0.6%-იანი წილით.

საქსტატის განცახდებით, 2024 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 82% (3 223 ათასი კაცი) მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 4.1%-ით (126 ათასი კაცით).

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი — 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის — 2.6%, კათოლიკების — 0.5%, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე ჯამურად 3.8% მოდის.

რაც შეეხება მშობლიურ ენას, მოსახლეობის 85%-სთვის ქართული ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას. აღნიშნული მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია 2.7%-ით.