დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, ფართომასშტაბიანი პაკეტი წარადგინა, რომელიც მიზნად კრემლის სამხედრო მომარაგების ხაზების, "ჩრდილოვანი ფლოტისა" და ფარული ფინანსური ქსელების პარალიზებას ისახავს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები სულ 70 სუბიექტს შეეხება. ამას გარდა, რუსული მედია წერს, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა Eurofinance Mosnarbank, Yandex Bank, Wildberries Bank და Vyatich Bank.

ლონდონმა რუსეთზე ზეწოლა "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტის პარალელურად გააძლიერა, რაც უკრაინის ქალაქებსა და წმინდა ადგილებზე განხორციელებულ ბოლო სისხლიან თავდასხმებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში ბრიტანეთმა სანქციების სიას უკვე 500-ზე მეტი ფიზიკური პირი, კომპანია და გემი დაამატა.

ახალი სანქციების უმთავრესი სამიზნე რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტია". შეზღუდვები დაუწესდა 20-ზე მეტ ნავთობტანკერს და იმ საზღვაო მზღვეველებს, რომლებიც რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას უწყობდნენ ხელს.

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა G7-ის წევრებიდან, რომელმაც სანქციები დააწესა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმ ახალ გემებზე, რომლებიც რუსეთმა მილიონობით ტონის ექსპორტისთვის და ბიუჯეტის შესავსებად შეიძინა. ოფიციალური მონაცემებით, ბრიტანულმა სანქციებმა უკვე მკვეთრად შეამცირა რუსეთის ენერგეტიკული მოგება — მაგალითისთვის, პროექტმა Arctic LNG-2-მა 2025 წელს გეგმით გათვალისწინებული 13.5 მილიონი ტონის ნაცვლად, მხოლოდ 1.3 მილიონი ტონა აირის ექსპორტი შეძლო. საერთო ჯამში, ლონდონს უკვე დასანქცირებული ჰყავს 600-ზე მეტი რუსული ხომალდი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, პარტნიორებთან მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ აგრესორი არ გაჩერდება.

"ეს სანქციები მიმართულია იმ გემების, ფულისა და აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც ზურგს უმაგრებენ რუსეთის ომის ეკონომიკას და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენს G7-ის მოკავშირეებთან ერთად მუშაობით, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას პუტინსა და მისი თანამშრომლების წრეზე, სანამ რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა არ დაბრუნდება", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ბრიტანულმა მხარემ ასევე გაშიფრა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ფარული ქსელი და მისი საფარქვეშ მოქმედი კომპანია შპს "ნეპტუნ კო" (LLC Neptune Co Ltd), რომელსაც დასავლური ტექნოლოგიები ფარულად შეჰქონდა რუსეთის არმიისთვის. ამ მიმართულებით სანქციები დაუწესდა 3 კომპანიასა და GRU-ს 10 ოფიცერს.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამიზნეში ამოიღო მესამე ქვეყნების ის სუბიექტებიც, რომლებიც მოსკოვს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში ან ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ კომპანიები და ორგანიზაციები ჩინეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და ნიგერიიდან.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება კრემლის ტაქტიკასთან შედარებით.

"იმ ფონზე, როდესაც კრემლი თავისი ომის შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტად მიმართავს ჩრდილოვან ტაქტიკას — თავისი მოძველებული ჩრდილოვანი ფლოტიდან დაწყებული ფარული ფინანსური ქსელებით დამთავრებული — დიდი ბრიტანეთი მათ დახურვაში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ რჩება. ეს სანქციები დარტყმას აყენებს ამ ბუნდოვანი მცდელობების გულს, რათა პუტინის სამხედრო მანქანა შიმშილის რეჟიმში ამყოფოს და დაიცვას ბრიტანეთის უსაფრთხოება", — განაცხადა კუპერმა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში (Évian-les-Bains) შეკრებილი "დიდი შვიდეულის" ლიდერები სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და გლობალური უსაფრთხოების ამ უმთავრესი გამოწვევის გარშემო გააგრძელებენ მსჯელობას.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო ოთხ რუსულ საკრედიტო ინსტიტუტის: Eurofinance Mosnarbank-ს, Yandex Bank-ს, Wildberries Bank-ს და Vyatich Bank-ს.

გარდა ამისა, ბრიტანული სანქციების ქვეშ მოექცა ორი რუსული სადაზღვევო კომპანია: Rosgosstrakh და Balance Insurance.

Wildberries ბანკი RWB ჯგუფის (Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანებული კომპანია) შვილობილი ბანკია.

რუსული მედია Wildberries ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საკრედიტო ინსტიტუტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

"ბანკი ყოველთვის ორიენტირებული იყო რუსეთის შიგნით ოპერირებაზე. ბანკისა და მარკეტპლეისის კლიენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურებაში არანაირი ცვლილება არ იქნება. კლიენტებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ ყველა ოპერაცია — ფულადი გზავნილები, ბარათების გამოყენება, ანაბრებზე პროცენტული შემოსავლის მიღება, სესხების აღება, საანგარიშსწორებო ანგარიშების შენარჩუნება და ა.შ.", — აცხადებენ ბანკში.

რუსულ-ვენესუელური Eurofinance Mosnarbank რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosgosstrakh-ის ჰოლდინგ "რტ-ფინანსის" ნაწილია.

Yandex-მა ბანკი 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში 1.1 მილიარდ რუბლად შეიძინა. გარიგების შედეგად, ინტერნეტკომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო.

Vyatich ბანკს ბიზნესმენი მალიკ გაისინი აკონტროლებდა, რომლის აქტივებიც გენერალური პროკურატურის სარჩელის საფუძველზე რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნა ჩამორთმეული.

Rosgosstrakh VTB Group-ის ნაწილია. ჯგუფი ამჟამად მზღვეველის გაყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და გარიგება შესაძლოა 2026 წლის ბოლომდე დაიხუროს.