2025 წლის დეკემბერში ბელგრადში სტუმრობის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას ლიდერებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. გაჟღერდა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.