"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" (TI) ტელეკომპანია "პირველის" "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება.

მომხდართან დაკავშირებით ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი შემთხვევების გამო სამოქალაქო სექტორი წლების განმავლობაში ითხოვდა რეფორმებს. ორგანიზაციის განცხადებით, საპოლიციო სისტემაში არსებული ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი წლებია, რაც სახელმწიფოს პოლიტიკად იქცა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამ პრობლემა ვერ მოაგვარა, რადგან მისი ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშიც კი მოხვდა, სწორედ სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობის გამო.

"მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამან პრობლემა თვისობრივად ვერ მოაგვარა. უფრო მეტიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ "მაგნიტსკის" სანქციების სიაში აღმოჩნდა, სწორედ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი სისტემური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიება არ მოხდა", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია პირდაპირ ადანაშაულებს მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს პრობლემის გაღრმავებაში, საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასა და ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის დამკვიდრებაში, რის მაგალითადაც კონკრეტული პირების გათავისუფლება და ასეულობით საქმის გამოუძიებლობა მოჰყავს:

"იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეს უმძიმესი პრობლემა მოეგვარებინათ, მათ საერთოდ გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამასთან, არამხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისა, არამედ პრაქტიკის დონეზე დაამკვიდრეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ ნულოვანი თანაგრძნობისა და დაუსჯელობის პოლიტიკა. ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვალში არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შესაბამისად მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. გარდა ამისა, დღემდე არ მომხდარა 300-მდე პირის მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებული წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადების დასასრულს TI ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სურათზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"სწორედ მმართველი პარტიის ეს მიდგომა და ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს. წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ", — წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 13 ივნისს, "ტვ პირველის" "შაბათის ეთერში" გავრცელდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ძალადობენ. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები არაადამიანური მოპყრობის კადრებს მობილური ტელეფონებით თავად იღებდნენ და შიდა, საერთო ჩათში აგზავნიდნენ. "ტვ პირველი" წერს, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მინიმუმ სამი დაზარალებული.

მათივე ცნობით, 32 ვიდეოფაილი პოლიციელების შიდა მიმოწერის ჩატიდან 32 წლის გიორგი კვიცარაძემ გადმოწერა, რომელიც ამჟამად ნარკოტიკების რეალიზების მუხლითაა დაკავებული (დედამისი შვილის დაკავებას სწორედ ამ კადრების გაჟონვას უკავშირებს).

ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. სამივე მათგანი 2026 წლის 23 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", — წერია შსს-ს განცხადებაში.