"დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც ამგვარი რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა. ყველა ერთის წინააღმდეგ!" — საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მახასიათებელი სისტემური ძალადობის დაშვება, წახალისება და მასზე დაყრდნობაა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პროცესები დღეს ქართული ოცნების გარემოცვაში შეინიშნება და ამას რეჟიმის დასუსტების ნიშნად აფასებს. მისივე თქმით, ხელისუფლების რიგებში იზრდება შიში და უნდობლობა, რაც საბოლოოდ რეჟიმის სწრაფ დასასრულზე მიუთითებს.

"ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მახასიათებელი ნიშანია სისტემური ძალადობის დაშვება, წახალისება და მასზე დაყრდნობა.

ასევე ავტორიტარული რეჟიმი კორუფციით სულდგმულობს. კორუფციაც მის მიერვეა დაშვებული და წახალისებული. იგი ამ რეჟიმის საზრდოს წარმოადგენს.

რეჟიმი თავის დასასრულს უახლოვდება, როცა ამ ორ, მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს დაცულობისა და ხელშეუხლელობის გარანტიას არ თუ ვეღარ აძლევს.

ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობას …გავიხსენოთ ციხის კადრების გამჟღავნების შემდეგ ნათქვამი სიტყვა, როცა მიშა ვერ უარყოფდა მომხდარს და ვერ ამართლებდა.

ამის შემდეგ რეჟიმის მიმართ ნდობა მის ყველაზე ლოიალურ წრეებშიც იკარგება და ყველა საკუთარ გადარჩენაზე იწყებს ფიქრს.

ასეთივე იმედგაცრუება გავრცელდა რეჟიმის კორუმპირებული თანამდებობის პირთა წრეში. ყველა, ვისაც სწამდა, რომ ბრმა ერთგულების ნაცვლად, მწვანე ჰქონდა მიღებული, ყველანაირი გარიგება კორუფციული სქემის ჩასატარებლად, უცებ ხვდება, რომ ამავე რეჟიმს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მისი გაწირვა... და გაოცებული თუ შეშინებული უყურებს რეჟიმი როგორ ასამართლებს თუ სწირავს მის ყველაზე სანდო "შვილებს" — ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ბურჭულაძეს….

ის, რაც ოცნების პოლიტიკურმა და ბიზნესის წრეებმა აღმოაჩინეს ბოლო პერიოდში, დღეს უკვე ძალოვანებზეც ვრცელდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ძალადობისთვის სამართალდამცველების დასჯა ზედაპირული რჩება (ორთვიანი და გამოშვება), მათთვის საგანგაშო ნიშანია, როცა რეჟიმი არ უარყოფს მომხდარს, საჯაროდ არ იცავს მათ და საკუთარი გადარჩენისთვის მსხვერპლის გაწირვისთვის მზად არის.

ამ ყველაფრიდან ორი მთავარი დასკვნაა:

— რეჟიმის საყრდენების მორყევა
— შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა სფეროში სუფევს სრული უნდობლობა და დარღვეულია გუნდურობა, ეს ყველაფერი მიანიშნებს რეჟიმის ჩქარი დასასრულისკენ სვლას!

ამიტომ დროც იწურება, დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც ამგვარ რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.

ყველა ერთის წინაამდეგ!

და ეს ყველა ნიშნავს ყველას, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე და გადარჩენაზე ფიქრობს!

ეს გარდაუვალი ბრძოლა ვეღარ დაელოდება პოლიტიკურ პარტიების მიუღწევად გაერთიანებას.

ეროვნული გაერთიანების დროა!", — წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 ივნისს, "ტვ პირველის" "შაბათის ეთერში" გავრცელდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ძალადობენ. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები არაადამიანური მოპყრობის კადრებს მობილური ტელეფონებით თავად იღებდნენ და შიდა, საერთო ჩათში აგზავნიდნენ. "ტვ პირველი" წერს, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მინიმუმ სამი დაზარალებული.

მათივე ცნობით, 32 ვიდეოფაილი პოლიციელების შიდა მიმოწერის ჩატიდან 32 წლის გიორგი კვიცარაძემ გადმოწერა, რომელიც ამჟამად ნარკოტიკების რეალიზების მუხლითაა დაკავებული (დედამისი შვილის დაკავებას სწორედ ამ კადრების გაჟონვას უკავშირებს).

ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. სამივე მათგანი 2026 წლის 23 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავეს.