საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
ფოტო: CU Boulder/John Kashuba
მეცნიერებმა საჰარის უდაბნოში აღმოჩენილი იშვიათი მეტეორიტი შეისწავლეს და საინტერესო შედეგები მიიღეს. მათ მიაგნეს პირველ მკაფიო მტკიცებულებას, რომ სულ რამდენიმე მილიონი წლის მზის სისტემაში დაახლოებით მთვარის ზომის პლანეტაც არსებობდა, რომელიც შემდეგ განადგურდა.
მეტეორიტს NWA 12774 ეწოდება და ის 2019 წელს აღმოაჩინეს. იგი ე.წ. ანგრიტების ჯგუფს მიეკუთვნება, ძალიან იშვიათ კატეგორიას, რომელიც მზის სისტემის ყველაზე ძველ ვულკანურ ქვებს შორისაა. დღემდე დედამიწაზე ნაპოვნი 80 000-ზე მეტი მეტეორიტიდან მხოლოდ 68 ანგრიტია ცნობილი.
ანგრიტები მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მათი მშობელი სხეულის ქიმიური შედგენილობა დედამიწის, მარსისა და სხვა კლდოვანი პლანეტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ისინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს სილიციუმის დიოქსიდს, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში პლანეტური ქერქების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, ეს მეტეორიტები შედარებით მცირე ზომის ასტეროიდის ფრაგმენტებად მიიჩნეოდა.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა NWA 12774-ის შედგენილობაში მინერალ კლინოპიროქსენის კრისტალები აღმოაჩინეს, რომლებიც ალუმინით უჩვეულოდ მდიდარია. მათი შეფასებით, ასეთი მინერალები მხოლოდ ძალიან მაღალი წნევის პირობებში შეიძლება ჩამოყალიბებულიყო.
NWA 12774-ის ნაწილი ჯვარედინი პოლარიზაციის სინათლუს ქვეშ.
ფოტო: CU Boulder/John Kashuba
გამოთვალეს, რომ მინერალის ფორმირებისთვის საჭირო წნევა მინიმუმ 17.5 კილობარი უნდა ყოფილიყო (ეს მაჩვენებელი მარიანის ღრმულში არსებულ წნევას 17-ჯერ აღემატება). მეცნიერების თქმით, მცირე ზომის ასტეროიდის შიგნით მსგავსი პირობები ვერ იქნებოდა, რაც მიუთითებს, რომ მეტეორიტი გაცილებით დიდი ციური სხეულიდან წარმოიქმნა.
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად კრისტალების სტრუქტურაც. მათ ბასრი კიდეები და ქიმიური მახასიათებლები შეუნარჩუნდა, რომლებიც, წესით, ცხელი პლანეტური შრეების სიღრმეში დიდი ხნის განმავლობაში დაყოვნებისას უნდა გამქრალიყო. ეს მიანიშნებს, რომ მინერალები ზედაპირთან შედარებით ახლოს ჩამოყალიბდა.
ასეთ შემთხვევაში საჭირო წნევის წარმოსაქმნელად დიდი ზომის მშობელი სხეულია საჭირო. მკვლევრების გამოთვლებით, მისი რადიუსი შეიძლება 1800 კილომეტრს აღემატებოდა. ეს ნიშნავს, რომ ის ზომით მთვარეს უახლოვდებოდა და, შესაძლოა, მარსის მასშტაბებსაც აღწევდა.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა ბედი ეწია ამ პლანეტას. ერთ-ერთი ვერსიით, ის ახალგაზრდა მზის სისტემაში ხშირი და ძლიერი შეჯახებებიდან ერთ-ერთმა გაანადგურა. მოგვიანებით კი მისი ფრაგმენტები სხვა კლდოვანი პლანეტების, მათ შორის დედამიწის, შედგენილობაშიც მოხვდა.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პროტოპლანეტების კვალი სხვა მეტეორიტებშიც შეიძლება იმალებოდეს, თუმცა ისინი ჯერ დეტალურად შესწავლილი არაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები