შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რობოტების ნახევარმარათონი გაიმართა. ზოგმა მათგანმა ფინიშის ხაზამდეც კი ძლივს მიაღწია. ყველაზე სწრაფმა რობოტმა 21 კმ 2 საათსა და 40 წუთში დაფარა, რაც ადამიანს ჯილდოს ძლივს მოუტანდა.

კვირას გამართულ ნახევარმარათონში კი ჰუმანოიდმა რობოტებმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს. მათგან ყველაზე სწრაფი Honor-ის (სმარტფონების დამამზადებელი ჩინური კომპანია) შექმნილი ჰუმანოიდი აღმოჩნდა, რომელმაც გასავლელი მანძილი (21,1 კმ) სულ რაღაც 48 წუთსა და 19 წამში დაფარა. ეს 9 წუთით უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანის რეკორდი. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი უგანდელ მორბენალს, ჯეიკობ კიპლიმოს ეკუთვნის.

რეკორდსმენ რობოტს ადამიანები დისტანციურად მართავდნენ. მეორე ჰუმანოიდმა, რომელიც ასევე Honor-ის დამზადებულია, ფინიშის ხაზი 50 წუთსა და 26 წამში გადაკვეთა, რაც ასევე "აუმჯობესებს" კიპლიმოს რეკორდს.

საინტერესოა, რომ კონკურსის შეფასების წესებიდან გამომდინარე, გამარჯვებულად მეორე რობოტი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ: მოკრივე რობოტი, რომელიც ადამიანს ესპარინგება

გასულ წელთან შედარებით ეს გასაოცარი პროგრესია, რაც ამ დარგის განვითარების სისწრაფეს კარგად ასახავს. სხვათა შორის, შარშან ჩინეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა. მათი აზრით, რობოტიკის სფეროს ასეთი ტემპით განვითარებამ შეიძლება სხვა ბაზრები და კვლევითი ინიციატივები უკანა პლანზე გადაწიოს.

ასევე იხილეთ: შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუმანოიდ რობოტებს უფრო მოკლე მანძილების გარბენაც გადასარევად ეხერხებათ. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში Unitree-ს H1 რობოტმა წამში 10,1 მეტრის გავლა შეძლო, რაც 2009 წელს დამყარებულ უსაინ ბოლტის რეკორდზე (საშუალოდ 10,44 მეტრი წამში) ნაკლებიც კია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.