რატომ არის საათში 60 წუთი
1793 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ახლად დაარსებულმა რესპუბლიკამ წარუმატებელი ექსპერიმენტი წამოიწყო, რომლის მიზანიც დროის შეცვლა იყო. რევოლუციონერებმა გადაწყვიტეს, რომ დღე 24 საათის ნაცვლად, 10 საათად დაეყოთ. ამასთანავე, საათი 100 წუთად, ხოლო თითოეული წუთი 100 წამად დაიყო.
დროის აღრიცხვის ასეთი სისტემა უფრო ფართო რევოლუციური კალენდრის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც წლის სტრუქტურის გამარტივებას და 10-დღიანი კვირის შემოღებასაც მოიცავდა. მალევე დაიწყო უკვე არსებული საათების დეციმალურ (ათობით) სისტემაზე გადაყვანა. ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობებზე დეციმალური საათები დააყენეს, ოფიციალური აქტივობები კი ახალ კალენდარს მოარგეს.
უკვე არსებული საათების გადაკეთება და მათთვის ახალი დიზაინის შექმნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ახალი დროითი სისტემის გამო, საფრანგეთი მეზობელი ქვეყნებისგან იზოლაციაშიც მოექცა. ასევე, სოფლის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ დასვენება მხოლოდ ყოველ მე-10 დღეს უწევდა. საბოლოოდ, დეციმალურმა დრომ საფრანგეთში წელიწადზე ოდნავ მეტხანს იარსება.
რომ გავიგოთ, თუ როგორ და რატომ ვითვლით დღეში 24 საათს, საათში 60 წუთსა და წუთში 60 წამს, დროის აღრიცხვის დაწყებამდე არსებულ ეპოქაში უნდა გადავინაცვლოთ. სწორედ ის გიპასუხებს კითხვებზე, თუ რატომ ავირჩიეთ ეს გზა და როგორ გაძლო ასეთმა მოუქნელმა სისტემამ იმ ცივილიზაციებზე დიდხანს, რომლებმაც ის შექმნეს.
რატომ 60?
სამოცობითი რიცხვითი სისტემის შექმნის სათავეში შუმერები არიან, რომლებიც მესოპოტამიაში ძვ.წ. 5300-1940 წლებში ცხოვრობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ცივილიზაცია, რომელმაც ქალაქები დააარსა. მრავალ სხვა გამოგონებასთან ერთად, როგორებიცაა ირიგაცია და მიწის დამუშავება, შუმერებს პირველი დამწერლობითი სისტემის გამოგონებასაც მივაწერთ. ეს სისტემა კი 60-ის კონცეფციაზე დაფუძნებულ რიცხვით სისტემასაც მოიცავდა.
გაიშვირეთ ხელი წინ, მოხარეთ თითი და დაინახავთ, რომ მას სამი სახსარი აქვს. დაითვალეთ ერთი ხელის თითების ყველა სახსარი (ცერა თითის გარდა) და 12-ს მიიღებთ. როგორც კი 12-მდე ახვალთ, მეორე ხელზე ერთი თითი მოხარეთ (ამ 12-ის მოსანიშნად). შემდეგ ისევ თავიდან დაიწყეთ 12-მდე თვლა პირველ ხელზე და ასე გააგრძელეთ, სანამ მეორე ხელის ხუთივე თითს არ გამოიყენებთ. საბოლოოდ რას მივიღებთ? 60-ს. ეს არის ერთ-ერთი თეორია იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიძლება შუმერებს მათემატიკური სისტემა დაეფუძნებინათ სამოცზე და არა ათზე. შედეგად კი, დღემდე სწორედ ეს გადაწყვეტილება განაპირობებს იმას, თუ როგორ ვზომავთ დროს.
"რიცხვების დამწერლობითი სისტემის განვითარების მიზეზი შუმერების მასშტაბური და რთული სასოფლო-სამეურნეო სისტემა იყო, რომელიც მათ მზარდ ქალაქებს ინახავდა და ჩანაწერების წარმოებას მოითხოვდა", — ამბობს მარტინ უილის მონრო, კანადის ნიუ-ბრანსუიკის უნივერსისტეტის ექსპერტი ლურსმული დამწერლობის საკითხებში.
რიცხვების ჩასაწერად შუმერებმა პატარა თიხის ფირფიტების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც ხშირად სმარტფონის ან უფრო მცირე ზიმის იყო, ნიშნებს კი რბილ თიხაზე ტვიფრავდნენ. ამ ყველაფერს მალევე სხვა პიქტოგრამული ნიშნებიც მოჰყვა, რაც შემდგომში შუმერების ცნობილ ლურსმულ დამწერლობად ჩამოყალიბდა. ეს ფირფიტები მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში აღმოაჩინეს და გაშიფრეს. მონროს თქმით, ეს ჩანაწერები მოწმობს, რომ შუმერები სხვადასხვა რიცხვით სისტემას იყენებდნენ, თუმცა მათემატიკაში და შესაბამისად, ასტრონომიასა და დროის აღრიცხვაში, მთავარი ადგილი მალევე დაიკავა ე.წ. სამოცობითმა სისტემამ.
"შუმერები 60-ს ისევე იყენებდნენ, როგორც დღეს ჩვენ ვიყენებთ 10-ს. როდესაც ცხრამდე ავდივართ, ერთი პოზიციით მარცხნივ ვინაცვლებთ, ვწერთ ერთიანს და მარჯვნივ ნულს ვამატებთ. ზუსტად იგივე ხდება სამოცობითი სისტემის შემთხვევაშიც: ისინი ითვლიან 59-მდე და იმის ნაცვლად, რომ 59-ზე დიდი რიცხვი დაწერონ, ისინიც ერთიანს იყენებენ, უბრალოდ მომდევნო თანრიგში გადააქვთ”, — ამბობს ერიკა მესაროსი, ზუსტი მეცნიერებებისა და ანტიკური ეპოქის ისტორიის დოქტორი.
მიუხედავად თითების თვლის მიმზიდველი თეორიისა, მაინც არ არის აშკარა, თუ რატომ აირჩიეს შუმერებმა სამოცობითი სისტემა. "არ მოიძებნება საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ საიდან იღებს სათავეს თავად რიცხვი 60. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სამოცობითი სისტემა, შესაძლოა, შუმერებამდეც კი არსებობდა", — დასძინა მონრომ.
მიუხედავად ამისა, ამ სისტემის გამოყენების სიმარტივე მეტ-ნაკლებად ცხადია. 60 შეიძლება გაიყოს 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე, 6-ზე, 10-ზე, 12-ზე, 15-ზე, 20-ზე, 30-ზე და, რა თქმა უნდა, თავად 60-ზე ყველანაირი წილადისა და ათწილადის გარეშე. მისგან განსხვავებით, 10 მხოლოდ 1-ზე, 2-ზე, 5-ზე და 10-ზე იყოფა. ამ მხრივ 60-ის უპირატესობებიც აშკარაა. "თუ რიცხვებს ისეთი პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებ, როგორებიცაა საბუღალტრო აღრიცხვა, გადასახადები, მიწის ნაკვეთის გაზომვა ან საკუთარი შვილისთვის მემკვიდრეობის განსაზღვრა, მაშინ მათემატიკური ოპერაციების გადაჭრის მარტივი ხერხების ქონა ნამდვილად გამოსადეგია", — ამბობს მესაროსი.
დროის საწყისი
იმის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს, რომ შუმერები დროს აღრიცხავდნენ, თუმცა, როგორც მონრო აღნიშნავს, დიდი ალბათობით, ეს პროცესი ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ძვ.წ. დაახლოებით 1000 წელს ბაბილონელები (ძველი მესოპოტამიური ცივილიზაცია შუმერების შემდეგ) მზისა და წყლის საათებს პირველად გამოიყენებდნენ.
მზის საათი — ერთ-ერთი პირველი დროის საზომი ხელსაწყო, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 1500 წლისთვის ეგვიპტეში გამოჩნდა
ფოტო: The Board of Trustees of the Science Museum
დღე საათებად პირველად ძველმა ეგვიპტელებმა დაყვეს, რაც ძვ.წ. 2500 წლით დათარიღებულ რელიგიურ ტექსტებში დასტურდება. "საათებთან დაკავშირებული ჩვენთვის ცნობილი ობიექტები თავდაპირველად ღამის 12 საათს აღნიშნავდა. ეს იყო დიაგონალური ვარსკვლავური საათები, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 2100-1800 წლებში მცხოვრები ეგვიპტელი დიდებულების სარკოფაგების შიგნითაა აღმოჩენილი", — ამბობს შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის არქეოასტრონომი, რიტა გაუჩი.
უცნობია, თუ რატომ აირჩიეს ეგვიპტელებმა 12-ნაწილიანი დაყოფა, რამაც საბოლოო ჯამში 24-საათიანი სრული დღე-ღამე მოგვცა. მართალია, ეგვიპტელებს 12 თანავარსკვლავედისგან შემდგარი ზოდიაქოს ციკლი ჰქონდათ, თუმცა, სავარაუდოდ, ის დღის 12 საათად დაყოფის შემდგომ იქნა შემოღებული. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი ხელის თითებისა და სახსრების გამოყენებით 12-მდე თვლის პრაქტიკაა. ზოგიერთ ექსპერტს კი მიაჩნია, რომ დღის ასე დაყოფა შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, თუ როგორ ემთხვეოდა ეგვიპტელების მიერ შერჩეული 10-დღიანი კვირა გარკვეული ვარსკვლავების ხილვადობის პერიოდებს.
ყველაზე ადრეული დროის საზომი ხელსაწყოები მზისა და წყლის საათებია, რომლებიც ეგვიპტეში ძვ.წ. 1500 წლისთვის გამოჩნდა. ზოგიერთ ხელსაწყოს ყოველდღიურ სამუშაოებში იყენებდნენ, თუმცა ზოგი უფრო მეტად რელიგიურ სფეროებთან და რიტუალებთან იყო კავშირში. "ვფიქრობ, რომ ამ ხელსაწყოების დიდი ნაწილი ღმერთებისთვის მიძღვნილი საჩუქარი, ერთგვარი შესაწირი იყო. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცნობები იმ ეპოქაში დროის აღრიცხვის სამეცნიერო მეთოდების შესახებ", — ამბობს გაუჩი.
ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ ტექსტებში დროის უმცირესი ერთეული სამუშაო ცვლა იყო, რომელიც ჩვეულებრივ დილად ან ნაშუადღევად მოიაზრებოდა. თუმცა ძველი ეგვიპტის რომაული პერიოდისთვის (ძვ.წ. 30 წლისთვის) საათები უკვე სტანდარტად იქცა და ნახევარსაათიანი შუალედების გამოყენებაც დაიწყეს.
წუთის შემოსვლა
საათების გამოყენების პრაქტიკას ბაბილონელებიც ავითარებდნენ. სწორედ მათ დაყვეს საათი უფრო პატარა ერთეულად, თუმცა ეს დროის აღრიცხვის მიზნით არ გაუკეთებიათ.
ბაბილონელებმა, რომლებიც ძვ.წ. 2000-540 წლებში დომინირებდნენ, შუმერებისგან როგორც ლურსმული დამწერლობა, ისე სამოცობითი რიცხვითი სისტემაც გადმოიღეს. ძვ.წ. 1000 წლისთვის მათ უკვე კალენდარიც კი ჰქონდათ შექმნილი, რომელიც ეფუძნებოდა იმას, თუ რამდენი დრო სჭირდებოდა მზეს ცაში იგივე პოზიციაზე დასაბრუნებლად, რაც 360 დღეზე ცოტათი მეტი იყო. ეს საკმაოდ მოსახერხებელი რიცხვი აღმოჩნდა იმ ცივილიზაციისთვის, რომელიც უკვე იყენებდა 60-ზე დაფუძნებულ სისტემას. ამ ყველაფერმა კი ძალიან ბუნებრივად მიგვიყვანა 30-დღიან 12 თვემდე, რაც იდეალურად ემთხვეოდა მთვარის ციკლსაც.
ბაბილონელებმა ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული დროის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ეგვიპტელების მსგავსად, დღესაც და ღამესაც 12-12 ნაწილად ყოფდა. ამ "სეზონური საათების" ხანგრძლივობა დღისა და ღამის სიგრძის მიხედვით იცვლებოდა. ბევრი სხვა ანტიკური ცივილიზაციაც იყენებდა სეზონურ საათებს და ისინი ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის ევროპასა და მე-19 საუკუნის იაპონიაშიც კი გვხვდებოდა. თუმცა, როგორც მონრო აღნიშნავს, პრაქტიკული მიზნებისთვის ეს სეზონური დრო უფრო პატარა ერთეულებად არასდროს დაყოფილა: "ეს თანამედროვე პერიოდამდე არ მომხდარა, რადგან მესოპოტამიასა და ანტიკურ კულტურებში ამისი საჭიროება არ იყო".
ბაბილონელებმა ასტრონომიული მოვლენების გამოსათვლელად და გასაზომად ასევე შეიმუშავეს დროის სხვა სისტემაც, რომელიც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით არ გამოიყენებოდა. ამ სისტემაში დღე იყოფოდა 12 "ბერუდ", რომელიც თანამედროვე 2 საათს შეგვიძლია გავუტოლოთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც გვხვდებოდა.
გამოთვლებში უფრო მეტი სიზუსტისთვის, ბაბილონელებმა "ბერუების" დაყოფა დაიწყეს 30 ანტიკურ წუთად, რომელსაც "უში" ერქვა და თანამედროვე 4 წუთს უდრიდა. თავის მხრივ, "უშიც" იყოფოდა 60 უფრო მცირე ერთეულად — “ნინდად”, რომელიც თანამედროვე 4 წამს უტოლდებოდა. როგორც მესაროსი აღნიშნავს, დაყოფის ეს პრინციპი სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ სამოცობით სისტემაში ყველაფერი 60-ის ჯგუფებად იყოფა. "ბაბილონელები ამ სისტემას დროის დაყოფად არ აღიქვამდნენ, ისინი რიცხვების დაყოფას ცაზე მანძილისა და პლანეტების სიჩქარის გასაზომად იყენებდნენ", — აღნიშნავს მონრო.
ძვ.წ. 3200 წლით დათარიღებული შუმერული ფირფიტა, რომელზეც მათემატიკური ამოცანებია ნაჩვენები
ფოტო: Cuneiform Digital Library Initiative
დროის აღრიცხვის განვითარების ამ უძველეს პროცესში იმის ზუსტად თქმა რთულია, რომელი ცივილიზაცია რომლის მიღწევებს დაეყრდნო. "დაახლოებით ძვ.წ. 330 წლიდან მოყოლებული, ეგვიპტე — ალექსანდრიაში მდებარე თავისი ახალი სამეცნიერო ცენტრით — კულტურათა და იდეების შერწყმის ნამდვილ ეპიცენტრად იქცა, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები და მათი შეხედულებები ერთმანეთს დაუკავშირდა. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ელინისტურ სამყაროს", — ამბობს გაუჩი.
მესაროსის აზრით, მაინც აშკარაა, რომ ანტიკურმა ბერძნებმა ბაბილონელებისგან ასტრონომიული დროის სისტემა შეითვისეს: "მათ უკვე არსებული დაყოფა შეინარჩუნეს, რადგან საშუალება მიეცათ, უკვე არსებულ დაკვირვებებზე ახალი მონაცემები დაემატებინათ. ამ სისტემამ ბაბილონელებისთვის იმდენად კარგად იმუშავა, რომ მომდევნო ცივილიზაციებმა ის უცვლელად გადმოიღეს, რათა ამ ხალხის ასტრონომიულ მონაცემებსა და ტრადიციებსაც დაუფლებოდნენ".
ზუსტი დროის ქრონოლოგია
მე-12 საუკუნე: შეიქმნა პირველი მექანიკური საათები, რომელთა ცდომილებაც დაახლოებით ერთი საათი იყო.
მე-16 საუკუნე: ყველაზე ზუსტ ქანქარიან საათებსაც კი, დღეში 10-15 წუთიანი ცდომილება ჰქონდა.
მე-18 საუკუნე: გამოიგონეს H4 საათი, რომელსაც კვირების განმავლობაშიც კი არ ჰქონდა წუთობრივი ცდომილება. სწორედ ამ საათმა განაპირობა ფართო საზოგადოებაში წუთისა და წამის ყოველდღიური გამოყენება.
1920-იანი წლები: შეიქმნა კვარცის საათი, რომელმაც სიზუსტის ხარისხი წარმოუდგენლად გაზარდა — ცდომილება 3 წელიწადში მხოლოდ 1 წამს უდრიდა.
1950-იანი წლები: გამოიგონეს ატომური საათი, რომელიც ატომებს იყენებს დროის აღსარიცხად და იმდენად ზუსტია, რომ მილიარდი წელშიც კი ერთ წამს არ კარგავს.
წამების დათვლა
მიუხედავად იმისა, ბერძნებს სასამართლოებში უკვე ჰქონდათ ქვიშის საათები, რათა საუბრისთვის ყველას თანაბარი დრო დასთმობოდა, მათ მიერ გადმოღებულ ბაბილონურ დროით სისტემას მხოლოდ ასტროლოგები იყენებდნენ, რადგან ის ყოველდღიურობაში გამოსადეგი არ იყო. საბოლოოდ, საათის, წუთისა და წამის იდეამ, რომელიც ელინისტური კულტურების შერწყმის შედეგად წარმოიშვა, საუკუნეებს გაუძლო და დღევანდელობამდეც მოაღწია. რეალურად კი, სულ რამდენიმე ასეული წლის წინ გახდა დროის საზომი ხელსაწყოები იმდენად ზუსტი, რომ წუთები და წამები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვეყენებინა.
დღესდღეობით წამი უთვალავ სამეცნიერო დეფინიციაში გამოიყენება. როგორც კი წამზე უფრო პატარა ერთეულების დათვლაც დავიწყეთ, მეცნიერები მეტრულ სისტემაზე გადავიდნენ და წამი მილიწამებად და მიკროწამებად დაყვეს. მე-20 საუკუნის ატომურმა საათებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, წამის დეფინიცია კიდევ უფრო ზუსტად განესაზღვრათ. კერძოდ, მზის ბრუნვაზე დაფუძნებული განმარტებიდან ისეთ ზუსტ მნიშვნელობაზე გადავიდნენ, რომელიც ცეზიუმ-133 ატომების მიკროტალღოვანი რადიაციის შთანთქმასა და გამოყოფას ეფუძნება. დღეისათვის ატომური საათები ჩვენი გლობალური ქსელი თითქმის ყველა თანამედროვე საათის დროს განსაზღვრავს და საფუძვლად უდევს ყველაფერს — დაწყებული ინტერნეტითა და GPS-ით, დამთავრებული ზუსტი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI).
დროის აღრიცხვის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის ადამიანის შექმნილია და ჩვენივე გადაწყვეტილებებით არის განპირობებული. საათებმა, წუთებმა და წამებმა ჩვენამდე სხვადასხვა არჩევანის, დამთხვევისა თუ შემთხვევითობის წყალობით მოაღწია. თუმცა, საათები, წუთები და წამები უძველესი დროის სასარგებლო მემკვიდრეობაა, რომელსაც იმდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს ცხოვრებაში, რომ ახლა ამ სისტემის შეცვლა, სავარაუდოდ, უბრალოდ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდებოდა.
მე-18 საუკუნეში საფრანგეთის მიერ დროის სისტემის შეცვლის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, რადგან ახალი სისტემა თითქმის არ გამოუყენებიათ. მიუხედავად ამისა, ანალოგიური მცდელობები მანძილის საზომი ერთეულებისა და ვალუტის დეციმალურ სისტემაზე გადაყვანასთან დაკავშირებით წარმატებული აღმოჩნდა და დღესაც გამოიყენება. დროის ახალმა სისტემამ 17 თვე გაძლო, თუმცა კალენდარი გარკვეული სახით კიდევ დაახლოებით ათი წელი შენარჩუნდა.
საფრანგეთის ეროვნული კონვენტის წევრის, კლოდ-ანტუან პრიორის 1795 წლის სიტყვამ, სავარაუდოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა დეციმალური დროის იდეის საბოლოო უარყოფაში. პრიორის განმარტებით, იმის პარალელურად, რომ ასეთი დროითი სისტემა თითქმის არანაირ პრაქტიკულ უპირატესობას არ ქმნიდა, უარყოფითად აისახებოდა სხვა მეტრულ სისტემებზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, ნამდვილად გამოსადეგი იყო.
კომენტარები