ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო
ფოტო: Ministry of Tourism and Antiquities
ეგვიპტეში არქეოლოგებმა რომაული პერიოდის მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელში ჰომეროსის ეპიკური პოემის, "ილიადის", ფრაგმენტი ედო — ნაწყვეტი მეორე სიმღერიდან. იგი ბერძნულ ენაზეა და პაპირუსზე წერია.
კვლევას ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერები უძღვებოდნენ. მათი თქმით, პოემა მუცელში ბალზამირების რიტუალის შესრულებისას უნდა ჩაედოთ.
მუმია ეგვიპტის ძველ ქალაქ ოქსირინჰუსის ერთ-ერთ სამარხში იპოვეს, რომელიც იმ პერიოდისაა, როცა სახელმწიფოს სათავეში რომაელები იყვნენ. მათ ეგვიპტის მართვა ძვ.წ. 30 წლიდან, კლეოპატრას სიკვდილის შემდეგ, დაიწყეს და 641 წელს დაასრულეს.
ოქსირინჰუსის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს უკვე საუკუნეზე მეტია, ატარებენ. მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში იქ პაპირუსის 500 000-ზე მეტი ფრაგმენტი იპოვეს.
ექსპედიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა Live Science-თან განაცხადა, რომ მუმიის მუცელში ან გულ-მკერდის არეში პაპირუსის ჩადებას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა: ძველეგვიპტელების აზრით, ეს მას საიქიოში დაიცავდა. გარდა ამისა, ბერძნული ლიტერატურული ტექსტები ოქსირინჰუსში აქამდეც უპოვიათ, თუმცა მუმიაში — არასდროს.
ამ კონკრეტული მუმიის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი ზრდასრული კაცი იყო. საკითხის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს.
მუმიის მუცელში ნაპოვნი პაპირუსის ფრაგმენტები.
ფოტო: Professor Ignasi-Xavier Adiego
ეს მუმია 2025 წლის ნოემბერ-დეკემბრის გათხრისას იპოვეს; ამავე სასაფლაოზე გუნდმა ადრე ისეთ მუმიებსაც მიაგნო, რომელთა სხეულზეც ენის ფორმის ოქროს ფირფიტა იყო მოთავსებული. გარდა ამისა, ნოემბერ-დეკემბრის გათხრებისას ოქროს ენის მქონე სამი და სპილენძის ენის მქონე ერთი მუმიაც იპოვეს.
ძველეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ეს გარდაცვლილებს საიქიოში ღმერთებთან კომუნიკაციაში დაეხმარებოდა.
კომენტარები