NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
ფოტო: NASA
მიმდინარე წლის მეორე ნახევარში NASA მთვარეზე უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ამ ციური სხეულის ზედაპირზე ცეცხლის დანთება სურს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება.
ექსპერიმენტის მიზანი იმის შესწავლაა, თუ როგორ ალდება სხვადასხვა მასალა მთვარის პირობებში, ეს კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. საქმე ისაა, რომ ყველა მსგავსი ტესტირება დედამიწის გრავიტაციული ველის ფარგლებში განხორციელდა, არადა, თეორიული კვლევების მიხედვით, აალება გრავიტაციაზეცაა დამოკიდებული.
მიკროგრავიტაციაში ჩატარებული კვლევები მიანიშნებს, რომ დედამიწის მიზიდულობაში სხვადასხვა მასალა აალების მაქსიმუმს არ აჩვენებს. ეს მიუთითებს, რომ ჩვენთვის არააალებად მატერიას შეიძლება მთვარეზე ცეცხლი ადვილად მოეკიდოს. მიზეზი ისაა, რომ სუსტი გრავიტაციისას ცეცხლის კერაში ჟანგბადის მიწოდება არ წყდება, არამედ ნელდება, რაც ქიმიურ რეაქციებს გააქტიურებისთვის საკმარის დროს აძლევს. შედეგად, ალი იქამდე მიღწეულ ცივ აირებს ათბობს.
იხილეთ ჩინურ კოსმოსურ სადგურში მყოფი ასტრონავტის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი:
აღსანიშნავია, რომ მიკროგრავიტაციის პირობების შექმნა ვარდნის მეშვეობითაც შეიძლება, თუმცა ნაწილობრივი გრავიტაციის შემთხვევაში მასთან ერთად ბრუნვაცაა საჭირო. მაგალითად, მეცნიერებმა ამას სიმაღლიდან ცენტრიფუგის ჩამოგდებით მიაღწიეს, რომელიც სწორედ ბრუნვის პრინციპით მუშაობს (მის კონტეინერში ბრუნვისას სხვადასხვა სიმკვრივის სითხეები ცალკევდება). ამ დროს ვარდნა მიკროგრავიტაციას ქმნის, ცენტრიფუგა კი — ხელოვნურ გრავიტაციას, რომელიც უფრო სწრაფად ბრუნვისას ძლიერდება.
ასეთი ტესტირებები მაინც ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ალის წარმოქმნის პროცესს დავაკვირდეთ. ასევე, კოსმოსურ სადგურებში ცენტრიფუგის ბრუნვის მცირე რადიუსის გამო ე.წ. კორიოლისის ეფექტს ვიღებთ — ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას, რომელიც სწორი დასკვნების გამოტანას ართულებს.
სწორედ ამიტომ სურთ მეცნიერებს, რომ სხვადასხვა მასალის აალება პირდაპირ მთვარის გარემოში შეისწავლონ. ამ ექსპერიმენტს FM2 ეწოდება და მთვარის ზედაპირზე, სპეციალურ კამერაში, ოთხი მყარი საწვავის ნიმუშის დაწვას გულისხმობს. ალის გავრცელებას კადრებზე აღბეჭდავენ და ამის მიხედვით დაასკვნიან, რომელი მატერია შეიძლება იყოს უფრო მეტად საშიში.
ცეცხლი მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა. მაგალითად, 1997 წელს რუსულ კოსმოსურ სადგურ მირში ჟანგბადის წარმომქმნელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა და Soyuz-ის ტიპის საავარიო ხომალდებამდე მისვლაც შეუძლებელი გახდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟმა კერების ჩაქრობა იქამდე მოახერხა, სანამ მოდულს სერიოზული ზიანი მიადგებოდა.
ახალი ექსპერიმენტი ამგვარი შემთხვევებისგან თავის დაზღვევაში დაგვეხმარება. მეცნიერებმა მოხსენება მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების წლევანდელ კონფერენციაზე წარადგინეს.
კომენტარები