ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
ფოტო: OsakaWayne Studios/Moment/Getty Images
არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის. სამწუხაროდ, ქალაქის მოსახლეობისთვის ეს გარდაუვალია, თუმცა არსებობს გარკვეული მავნე ნივთიერებები, რომელთა შესუნთქვის საკითხიც ჩვენზეა დამოკიდებული.
ახალი ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების გვიან ეტაპზე მოწევის შეწყვეტა დემენციის რისკს 16%-ით ამცირებს. მეტიც, იმ ცდისპირებს, რომლებმაც მოწევა მოგვიანებით შეწყვიტეს, სიბერეში დემენციის განვითარების იმავე რისკი ჰქონდათ, როგორიც იმ პირებს, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ.
მეცნიერებმა მოულოდნელი ფაქტორიც გამოავლინეს: დემენციის რისკი მეტწილად მათ უმცირდებოდათ, ვისაც მოწევის შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ წონაში ან საერთოდ არ მოუმატია, ან 5 კგ-ზე ნაკლები მოიმატეს.
გარდა ამისა, მრავალი კვლევა ადასტურებს იმას, რომ მოწევა დემენციის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია. ეს ჩვევა ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკს 30-50%-ით ზრდის.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ წონის მატებაც გავრცელებული ფენომენია, თუმცა 10 კგ-ზე მეტს ადამიანების მხოლოდ 10-20% იმატებს. უცნობია, ზუსტად როგორაა დაკავშირებული მოწევის შეწყვეტის შედეგად წონის მატება დემენციის რისკთან.
ახალი ხანგრძლივი კვლევის ფარგლებში 32000-ზე მეტი პენსიონერის მონაცემები გააანალიზეს, რომლებსაც დემენცია არ ჰქონიათ. ყოველ 2 წელიწადში ცდისპირები ასახელებდნენ, ეწეოდნენ თუ არა და რამდენს იწონიდნენ. 25 წლის განმავლობაში დემენციის თითქმის 6000 შემთხვევა აღრიცხეს.
აქტიურ მწეველებთან შედარებით იმ პირებს, რომლებმაც მოწევა შეწყვიტეს, დემენციის რისკი 16%-ით ჰქონდათ შემცირებული. ხოლო მათ, ვისაც არასდროს მოუწევია, აქტიურ მწეველებთან შედარებით დემენციის განვითარების 25%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ.
მათ, ვინც მოწევა შეწყვიტეს და წონაში ოდნავ მოიმატეს (ან საერთოდ არ მოუმატებიათ), კოგნიტიური უნარები 20%-ით ნელა შეუმცირდათ.
ნაშრომი გამოცემაში Neurology გამოქვეყნდა.
კომენტარები