NASA-ს Artemis-ის ასტრონავტები მომავალ მისიებზე მთვარის ზედაპირზე სიარულისას კოსმოსური კომბინიზონის ქვეშ Prada-ს შექმნილ სამოსს ჩაიცვამენ. მას სითხით გამაგრილებელი სავენტილაციო კომბინიზონი (Liquid Cooling and Ventilation Garment, იგივე LCVG) ჰქვია და მასში ჩაშენებული მილების სისტემა ასტრონავტის სხეულის გარშემო ცივ წყალს ატარებს, რაც მთვარეზე ყოფნისას მას გადახურებისგან დაიცავს. სამოსი ფუტურისტულად გამოიყურება და ერთ სახელოზე Prada-ს სპორტული ხაზისთვის დამახასიათებელი წითელი ზოლიც ამშვენებს.

Axiom Space-მა და Prada-მ ერთობლივად შექმნეს სითხით გამაგრილებელი და სავენტილაციო კომბინიზონის ქვეშ ჩასაცმელი (LCVG), რომელსაც ასტრონავტები Axiom Extravehicular Mobility Unit (AxEMU) კოსმოსური სკაფანდრის შიგნით ჩაიცვამენ.

ფოტო: Axiom Space და Prada

იტალიური მოდის სახლი Axiom Space-თან, წლებია, თანამშრომლობს. ეს არის კერძო კომპანია, რომელსაც NASA-მ მომავალი Artemis-ის მისიებისთვის ახალი კოსმოსური კოსტიუმების შექმნა დაავალა. სკაფანდრის ქვეშ ჩასაცმელი, რომელიც კვირას გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინეს, Axiom Extravehicular Mobility Unit (AxEMU) კოსმოსური კომბინიზონის ქვედა ფენაა, ეს სკაფანდრიც Prada-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ბრენდის კოსმოსური კომბინიზონის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. დღეისათვის სააგენტო Apollo-ს ეპოქის სკაფანდრების მსგავს დიზაინს იყენებს.

კვირას ნიუ-იორკში Axiom Space-მა და Prada-მ LCVG წარადგინეს

ფოტო: Axiom Space და Prada

"როცა AxEMU წარვადგინეთ, გამოვაცხადეთ, რომ Prada-სა და Axiom Space-ს თანამშრომლობა ამით არ დასრულდებოდა", — აღნიშა Prada-ს ჯგუფის მარკეტინგის დირექტორმა და მდგრადობის სფეროს ხელმძღვანელმა, ლორენცო ბერტელიმ.

"დღეს სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ მიღწევას, რომელიც კაცობრიობის მთვარეზე დაბრუნების წინ, Axiom Space-ის პიონერული გამოცდილებისა და Prada-ს დიზაინის, მოდელირებისა და მოწინავე მასალების სფეროში დაგროვილი ცოდნის უნიკალური შერწყმის შედეგია", — დასძინა მან.

სითხის ცირკულაციის მილებთან ერთად, კომბინიზონის ქვეშ ჩასაცმელს ვენტილაციის სისტემაც აქვს, რომელიც ასტრონავტებს ჟანგბადს მიაწვდის და კოსმოსური სკაფანდრიდან ნახშირორჟანგს გადევნის.

Prada-სა და Axiom-ის LCVG-ში ჩაშენებული სითხით გამაგრილებელი მილების ახლო ხედი

ფოტო: Axiom Space

"LCVG ასტრონავტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს ყოველ წუთს, რომელსაც ისინი ტრანსპორტის გარეთ გაატარებენ", — განაცხადა Axiom Space-ის კოსმოსური ხომალდების განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, რასელ რალსტონმა — "ის არეგულირებს სითბურ გარემოს, უზრუნველყოფს სუნთქვას და ამ ყველაფერს მაშინ აკეთებს, როცა ასტრონავტები სხეულის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ. Prada-სთან ერთად, ჩვენ ეს ყველაფერი იმ დონემდე მივიყვანეთ, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ მივაღწევდით".

კვირას გამართულ ღონისძიებაზე Axiom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, ჯონათან სერტეინმა განაცხადა, რომ კომპანია ახალ სამოსს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) შეამოწმებს. ასევე კოსტიუმს გამოცდიან NASA-ს მომავალ Artemis III-ის მისიის ფარგლებში, რომელიც მთვარეზე დასაჯდომად საჭირო მნიშვნელოვანი აპარატურის ეკიპაჟიან ორბიტულ გამოცდას ითვალისწინებს. NASA იმედოვნებს, რომ ეს 2028 წლამდე მოხდება.

Prada-ს ახალი კოსმოსური კომბინიზონის ქვეშ ჩასაცმელი (მარჯვნივ), სითხით გამაგრილებელი და სავენტილაციო სამოსი, რომელსაც Artemis-ის ასტრონავტები მთვარეზე ჩაიცვამენ

ფოტო: Space.com/სტივ სპალეტა

პრეზენტაცია NASA-ს ინსპექტორთა გენერალური სამსახურის (OIG) აპრილის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ Axiom Space-ის ვადების გადაცილების გამო, შეიძლება, 2028 წელს მთვარეზე ვერ დაეშვნენ. კომპანიას თავდაპირველად მთვარის AxEMU კომბინიზონების გამოცდა 2025 წლისთვის ჰქონდა გათვლილი, რაც ვერ მოხდა. OIG-ის ანგარიშში პირდაპირ ეწერა, რომ პირველადი გრაფიკი "საბოლოოდ ვერ მიიღწა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.