აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
ფოტო: Mike Davidson - iNaturalist (CC0 1.0)
Agapostemon subtilior ფუტკრის სახეობაა, რომლის წარმომადგენლებიც მაღალი ტენიანობის პირობებში ფერს იცვლიან. მათ მუქი მომწვანო-მოლურჯო შეფერილობა აქვთ, მაგრამ ახალი ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ტენიანობის მომატებისას ამ მწერების სხეული ღია მომწვანო სპილენძისფერი ხდება. ტენიანობის დაცემისთანავე მათ ისევ პირვანდელი ფერი უბრუნდებათ.
ამ ფენომენის ასახსნელად მკვლევრებმა მკვდარ ფუტკრებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ხნიერ მწერებს ახალგაზრდები შეადარეს, რათა გაერკვიათ, რამდენად ზემოქმედებს ფუტკრის ფერზე სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ასაკი და ტენიანობა.
55 საათის განმავლობაში თითოეული ნიმუში სხვადასხვა გარემოში დააყოვნეს: როგორც მაღალი, ისე დაბალი ტენიანობის პირობებში. ფუტკრებს ექსპერიმენტის დაწყებამდე და მის სხვადასხვა ეტაპზე ექვსი ფოტო გადაუღეს.
ყველაზე შესამჩნევი ცვლილება პირველი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა; ჩვეულებრივი ტენიანობის პირობებში ფუტკრების დამცავი გარსის ფერი საშუალო ტონალობის მწვანე იყო, ტენიანობის მატების შემდეგ კი მომწვანო სტაფილოსფერი გახდა. რაც შეეხება დაბალ ტენიანობას, ამ დროს იგი მოლურჯო მწვანე იყო.
საინტერესოა, რომ შედარებით ხნიერი ფუტკრების ნიმუშებს მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ფერი მეტად შეეცვალათ. მეორე მხრი, დაბალი ტენიანობის პირობებში ცვლილება ნებისმიერი ასაკის ფუტკრისთვის ერთნაირი იყო.
მკვლევრებს იმის დადგენაც სურდათ, რამდენად მეორდება ეს ცვლილებები ცოცხალი ფუტკრების შემთხვევაში. ამისთვის მათ iNaturalist-ის აპლიკაცია გამოიყენეს (აქ მოხალისეები ცხოველებისა და მცენარეების ფოტოებს ტვირთავენ). მეცნიერებმა 1000-ზე მეტი ფოტო შეაგროვეს, რომლებიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროსა და მექსიკაშია გადაღებული.
საქმე ისაა, რომ ფუტკრები ლაბორატორიაში კარგად ვერ ძლებენ, თანაც ცოცხალი ფუტკრები ფერს უფრო ნელა იცვლიან, ამიტომ დაკვირვება შედარებით რთულია.
განსხვავებული კამერებისა და განათების მიუხედავად, ფუტკრებში მართლაც მნიშვნელოვანი ვარიაცია გამოვლინდა, რომელიც მკვდარი ნიმუშების შესწავლით მიღებულ შედეგებს შეესაბამებოდა.
აღმოჩნდა, რომ უფრო ტენიან გარემოში ფუტკრებს მოწითალო მწვანე შეფერილობა აქვთ. ამის სავარაუდო ახსნა მწერის დამცავი გარსის ნესტთან ურთიერთქმედების სპეციფიკაა. მკვდარ ნიმუშებში ეს ეფექტი უფრო ძლიერად ვლინდება, რადგან გახრწნილ გარსში ნესტი უფრო მარტივად აღწევს.
ზოგადად, ფერი ძალიან მნიშვნელოვანია სითბოს რეგულირების, კომუნიკაციის, კამუფლაჟისა და შეჯვარების საკითხებში. მეცნიერების აზრით, აღნიშნული ცვლილება პასიური ფიზიკური რეაქცია უფროა, ვიდრე ფუტკრის მიერ აქტიურად მართული ქცევა. ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რა დანიშნულება აქვს ფერის ასეთ ცვლილებას.
კვლევა გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა.


კომენტარები