ოსტეოართრიტი ხრტილის ქრონიკული დაზიანებაა, რომელიც ტკივილსა და ძვლებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. ეს მდგომარეობა ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს. კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მკურნალობის წამალი შეიმუშავეს, რომელიც ჯერ მხოლოდ ცხოველებზე გამოცადეს.

ჯერჯერობით მკვლევრებმა ექსპერიმენტების მხოლოდ პირველი ფაზა ჩაატარეს, მეორეს დაწყებას კი უახლოეს მომავალში გეგმავენ. მეორე ფაზა ძირითადად უსაფრთხოებასა და ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების კვლევას მოიაზრებს. ეს წამლის ადამიანებზე გამოსაცდელად მნიშვნელოვანი საფუძველია.

"ჩვენი მიზანი ამ დაავადების გაქრობაა და არა უბრალოდ ტკივილის მკურნალობა ან პროგრესირების შეფერხება", — განმარტა კვლევის ავტორმა, სტეფანი ბრაიანტმა.

ამჟამად ოსტეოართრიტის განკურნება შეუძლებელია. პაციენტებს ორი არჩევანი აქვთ: ტკივილის მართვა ან ხელოვნური სახსრის ჩასმა.

ახალი ნაშრომის მიხედვით, დაზიანებული სახსრების აღდგენა თავად ორგანიზმის უჯრედებს შეუძლია. გარდა წამლისა, გუნდი ინიექცირებად "იმპლანტანტსაც" ავითარებს, რომელიც ადგილზე მაგრდება და ორგანიზმის უჯრედებს ხრტილების ამოვსებაში ეხმარება.

ზოგადად, ოსტეოართრიტის 4 სტადია არსებობს. ეს მდგომარეობა ხრტილის ადრეული და მსუბუქი დაზიანებიდან იწყება. ბოლო სტადიას თან ინტენსიური ტკივილიც ახლავს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა და მწვავე სიმპტომები სდევს თან, მკვლევრები მას დიდი ხანია სწავლობენ.

დროთა განმავლობაში სახსრებში ხრტილის რაოდენობა ბუნებრივადაც მცირდება, თუმცა რეგულარული ვარჯიში ამის საწინააღმდეგოდ კარგი მეთოდია. ძლიერი კუნთები სახსრებზე ზეწოლას ამცირებს, მოძრაობით კი საკვები ნივთიერებებით მდიდარი სითხის სახსრებისთვის მიწოდება იზრდება.

თავისთავად, გუნდის მიერ შემუშავებული წამლის ადამიანებზე გამოცდა ამ დროისთვის მიზანშეწონილი არაა, მაგრამ მათი შედეგები მაინც იმედისმომცემია. გუნდი იმედოვნებს, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში კლინიკური ცდებიც ჩატარდება, თუმცა ეს მეტწილად მაინც ამჟამინდელი ექსპერიმენტის მეორე ფაზაზეა დამოკიდებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.