Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
ფოტო: Blue Origin
მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა 19 აპრილს რაკეტა New Glenn მესამედ გაუშვა, თუმცა ეს მისია (NG-3) გამორჩეული იყო. საქმე ისაა, რომ მის ფარგლებში აპარატის ამაჩქარებელი ხელახლა პირველად გამოიყენეს. მანამდე მას NG-2 ფრენაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ინჟინრებმა მხოლოდ ძრავები შეცვალეს.
რაკეტა კანავერალის კონცხიდან ადგილობრივი დროით 7:25-ზე აფრინდა, დაგეგმილზე ოდნავ გვიან. აფრენიდან 3.5 წუთში პირველი საფეხური მეორეს წარმატებით გამოეყო და დაახლოებით 6 წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. კომპანიაში განაცხადეს, რომ უკან დაბრუნებისას ზედმეტი სითბოსგან დასაცავად აპარატის თერმული და გზამკვლევი სისტემა განაახლეს.
ამაჩქარებლის განმეორებითი აფრენა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან კომპანიის მიზანი სწორედ ასეთი რაკეტის შექმნაა. მათ სურთ, თითოეული პირველი საფეხური სულ მცირე 25-ჯერ გამოიყენონ. ასევე დიდი წარმატებაა ამაჩქარებლის უკან დაბრუნებაც, რადგან აქამდე ეს მხოლოდ ერთხელ მოხერხდა (იხილეთ: Blue Origin-ის რაკეტის ამაჩქარებელი მარსის ისტორიული მისიის შემდეგ წარმატებით დაეშვა).
ახლანდელი ფრენისას New Glenn-ს ორბიტაზე ტვირთი უნდა აეტანა — კომპანია AST SpaceMobile-ის დიდი ზომის ხელოვნური თანამგზავრი, BlueBird 7 (223 კვადრატული მეტრი ფართობის ანტენით). მას დანიშნულების ადგილამდე საათსა და 15 წუთში უნდა მიეღწია, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ იგი დაგეგმილ ორბიტაზე ვერ განათავსეს. მოგვიანებით თავად კომპანიამ განაცხადა, რომ მათი სატელიტი ზედმეტად დაბლაა და ვერ იფუნქციონირებს, ამიტომ ექსპლუატაციიდან გამოიყვანენ.
რაც შეეხება New Glenn-ს, ის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის იმავე ტიპის აპარატების კონკურენტად განიხილება. მისი სიმაღლე 98 მეტრია, ანუ თითქმის იგივე, რაც მთვარის მისია Artemis 2-ში გამოყენებულიყო SLS-ის. პირველი საფეხური შვიდი ძრავითაა (BE-4) აღჭურვილი, რომლებიც თხევადი ჟანგბადისა და მეთანის ნარევის საწვავზე მუშაობს (SpaceX-ის Raptor-ის ძრავების მსგავსად).
მასკისა და ბეზოსის კომპანიების კონკურენციას NASA-ს გეგმები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს, რადგან მთვარეზე ასტრონავტების დასაშვებად რომელიმე მათგანის აპარატი უნდა გამოიყენონ: Starship HLS ან Blue Moon Mark 1 (ვრცლად: რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ). პირველი SpaceX-ისაა, მეორე კი Blue Origin-ს ეკუთვნის, თუმცა ორივე მათგანის შექმნისა და ტესტირების პროცესი საგრძნობლად გახანგრძლივდა.
ცნობისთვის, Artemis 3-ის განმავლობაში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან და არც მის გარშემო იმოგზაურებენ. მისია 2027 წლის შუა პერიოდშია ჩანიშნული და დედამიწის ორბიტაზე ეკიპაჟის გაშვებას ითვალისწინებს, რათა იქ ხომალდების მანევრირება და მოდულების მიერთება გამოცადონ. ორბიტაზე სწორედ Starship HLS და/ან Blue Moon Mark 1 უნდა დატესტონ.
კომენტარები