ტეხასის A&M უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც ლაბორატორიის ხნიერ თაგვებში მუშა მეხსიერება გააუმჯობესა. მათი თქმით, ეს ეფექტი ანთებითი პროცესების მარკერების შემცირებით მიიღწევა, ისინი კი ტვინის დაბერებასთანაა დაკავშირებული.

მკვლევრების თქმით, შეიძლება ეს პრეპარატი ოდესმე ხანდაზმულ ადამიანებში გამოვიყენოთ, როგორც ნევროლოგიური დაავადებების (მათ შორის დემენციის) საწინააღმდეგო არაინვაზიური საშუალება. ასევე, შესაძლებელია ამ გზით ისეთ კოგნიტიურ დისფუნქციას ვუმკურნალოთ, როგორიც მოზრდილებში გამოვლენილი გონების დაბინდვაა.

სპრეი ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ბიოლოგიური ნაწილაკებისგან შედგება, რის შესახებაც ავტორები გამოცემაში Extracellular Vesicles გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.

"ჩვენი მიდგომა დაბერების მნიშვნელობას ცვლის. მიზანი ტვინის ჯანმრთელად დაბერებაა: ადამიანებისთვის აქტიურობის, ფხიზელი გონებისა და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნება", — ამბობს ნეირომეცნიერების პროფესორი, აშოკ შეტი.

მსოფლიოში დემენცია დაახლოებით 69.2 მილიონ ადამიანს აქვს, 2030 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს რაოდენობა 82 მილიონამდე გაიზრდება. ხანდაზმულ ადამიანებში ტვინის დაბერება ჰიპოკამპუსის ზონაში ანთებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მარკერის სიჭარბით ვლინდება. ეს მიტოქონდრიულ დისფუნქციასა და ოქსიდაციურ სტრესსაც ემთხვევა (თავისუფალი რადიკალებისა და ანტიოქსიდანტების ბალანსის დარღვევა).

ამ ყველაფერთან შესაწინააღმდეგებლად მეცნიერებმა უჯრედგარე ვეზიკულები შექმნეს, ანუ მნიშვნელოვანი მოლეკულების (მაგ. მიკრო რნმ-ის) შემცველი "ჯიბეები", რომლებიც ერთმანეთთან მემბრანებითაა შეკავშირებული. ისინი ბუნებრივი ღეროვანი უჯრედებისგან მიიღეს.

მიკრო რნმ-ს უჯრედები ცილების წარმოსაქმნელად იყენებენ; შეიძლება ამ მექანიზმს თერაპიული მკურნალობის ფუნქცია მივანიჭოთ და ანთება შევამციროთ. ამისთვის სპეციფიკური ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების პროვოცირებაა საჭირო.

ექსპერიმენტისთვის მკვლევრებმა 18 თვის თაგვები შეარჩიეს, რაც ადამიანებში 60 წლის ასაკის ეკვივალენტურია. მათ უჯრედგარე ვეზიკულების შემცველი სპრეი ცხვირში შეასხურეს. შედეგად, ამ მღრღნელების ტვინში ანთების მარკერები სხვებთან შედარებით შემცირდა, მეხსიერება და კოგნიტიური ფუნქციები კი გაუმჯობესდა. ავტორები ამბობენ, რომ ეს ტვინში ბუნებრივად არსებული თვითაღდგენის სისტემის გააქტიურებაა.

მათ ამ ახალი სპრეის პატენტის მიღებაზე განაცხადი უკვე შეიტანეს და იმედი აქვთ, რომ ადამიანებში გამოსაყენებელი თერაპიის შემუშავებას მალე დაიწყებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.