ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს
ფოტო: Getty Images
უგანდის ტროპიკული ტყეების სიღრმეში მეცნიერები დააკვირდნენ, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს ველური შიმპანზეების (Pan troglodytes) დიდი ჯგუფები, თითქოს "სამოქალაქო ომში" იყვნენ ჩართულნი.
ეს სისხლიანი კონფლიქტი ველური შიმპანზეების თემის სასტიკი გახლეჩის პირველი ნათელი მაგალითია, რომელიც ორ მებრძოლ ჯგუფად დაიყო.
წლების განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ველური პრიმატები ერთად. ისინი ერთად იკვებებოდნენ, ერთად ნადირობდნენ, ერთმანეთს უვლიდნენ, ტეირიტორიას დარაჯობდნენ და მოულოდნელად, შიმპანზეები ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ.
როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი, ეს შიმპანზეები ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია. მათი სოციალური ურთიერთობებზე დაკვირვება შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენს საზოგადოებებში ომისა და მშვიდობის ევოლუციური ფესვების უკეთ გაგებაში.
"ცდუნებაა, რომ დღეს ადამიანებს შორის მიმდინარე პოლარიზაცია და ომი ეთნიკურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ დაყოფას მივაწეროთ", — განმარტავენ კვლევის ავტორები, რომლებსაც ტეხასის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ევოლუციური ანთროპოლოგი აარონ სანდელი ხელმძღვანელობს.
მეორე მხრივ, ამ პრიმატებს შიდა დაპირისპირებისთვის იგივე მიზეზები არ აქვთ. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, სოციალური ურთიერთობების ცვლილებამ შეიძლება ერთი და იგივე ჯგუფის პრიმატებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს.
"ჩვენი კვლევა ხელს უწყობს ადამიანური კოლექტიური ძალადობის ამჟამინდელი მოდელების გადაფასებას", — დაასკვნეს სანდელმა და მისმა კოლეგებმა თავიანთ ნაშრომში.
მკვლევრებმა ეს მტკიცებულებები 30-წლიანი დაკვირვებების შედეგად მოიპოვეს. ამ თემასთან დაკავშირებით დებატები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 1970-იან წლებში, პრიმატოლოგმა ჯეინ გუდოლმა შეამჩნია, რომ ტანზანიაში შიმპანზეების საზოგადოება ორ მტრულ ჯგუფად გაიყო, რამაც ოთხწლიანი სისხლიანი ბრძოლა გამოიწვია.
ასევე: ვინ იყო ჯეინ გუდოლი — კაცობრიობის ელჩი შიმპანზეებთან
გუდოლის ამ დაკვირვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე მხრივ, დეტალები მწირი იყო და კრიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ დაპირისპირება მხოლოდ კვლევის დროს მიწოდებული საკვების გამო ხდებოდა.
შიმპანზეები შეიძლება სასტიკი მკვლელები იყვნენ და ველურ ბუნებაში ისინი, როგორც წესი, სხვა მეზობელ ჯგუფებს ესხმიან თავს. ეს შეიძლება მოხდეს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და გაფართოებისთვის ან რესურსების მოპოვების მიზნით. მეორე მხრივ, ნაკლებად ნათელია, ერთვებიან თუ არა ერთი და იგივე კულტურული ჯგუფის შიმპანზეები "სამოქალაქო ომში".
შიმპანზეების გენები მიუთითებს, რომ ჯგუფებში მუდმივი გახლეჩა უკიდურესად იშვიათია — ეს მოვლენა დაახლოებით ყოველ 500 წელიწადში ერთხელ ხდება.
უგანდაში მომხდარი ეს ბოლოდროინდელი შემთხვევა, შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი იშვიათობა იყოს. 1995 წელს, დასავლეთ უგანდაში, კიბალეს ეროვნულ პარკში მცხოვრები ნგოგო შიმპანზეები ერთი დიდი ჯგუფის ნაწილი იყვნენ.
ამის შემდეგ, 2015 წელს, პრიმატოლოგებმა აუხსნელი ცვლილება შენიშნეს. შიმპანზეების ორმა გროვამ დაიწყო ფორმირება ერთსა და იმავე თემში. შეჯვარება მხოლოდ ერთი და იგივე თემის მამრებსა და მდედრებს შორის ხდებოდა.
"პირველმა დაკვირვებამ განხეთქილება გამოავლინა, რომელიც 2015 წლის 24 ივნისს მოხდა. ამ დროს დასავლეთისა და ცენტრალური ჯგუფის წევრები ტერიტორიების ცენტრის სიახლოვეს ერთმანეთს მიუახლოვდნენ", — თქვეს მკვლევრებმა.
მკვლევრების თქმით, ტიპური დაშლა-შერწყმის ნაცვლად, დასავლეთის ჯგუფის შიმპანზეები გაიქცნენ, ხოლო ცენტრალური ჯგუფის შიმპანზეები მათ დაედევნნენ. ამის შემდეგ შიმპანზეები ერთმანეთს თავს არიდებდნენ 6-კვირიანი პერიოდის განმავლობაში. მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი თავის არიდების პერიოდი აქამდე დაფიქსირებული არ ჰქონდათ.
ის, რაც ოდესღაც ნგოგოს შიმპანზეების თემის ცენტრი იყო, საზღვრად გადაიქცა, რომელსაც ორივე მხრიდან მამრები პატრულირებდნენ. შემდეგ, 2017 წელს, სოციალურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
დასავლეთის ჯგუფი ცენტრალურ ჯგუფზე გაცილებით პატარა იყო, მაგრამ ყველა შეტევა სწორედ მათ დაიწყეს. იმ წელს დასავლელმა შიმპანზეებმა უფრო დიდი ცენტრალური ჯგუფის ალფა მამრს შეუტიეს და მძიმედ დაჭრეს.
2018 წლისთვის ამ ორ ჯგუფს შორის უფსკრული სოციალური, სივრცითი და რეპროდუქციული თვალსაზრისით მუდმივი გახდა. მდედრები და მათი შთამომავლობა ერთი და იგივე ლეღვის ხიდანაც კი აღარ იკვებებოდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წელს, აგრესია ჩვილებზე გადავიდა. მკვლევრები უშუალოდ დააკვირდნენ, თუ როგორ იპარავდნენ და კლავდნენ დასავლეთის შიმპანზეები ცენტრალური ჯგუფიდან ჩვილებს — მთლიანობაში 14 ჩვილი მოკლეს.
2018-დან 2024 წლამდე დასავლელი შიმპანზეები წელიწადში საშუალოდ ერთ ზრდასრულ მამრს და ორ ჩვილს დაესხნენ და მოკლეს.
მკვლელების თქმით, მკვლელობის ასეთი მაჩვენებლები გაცილებით აღემატებოდა შიმპანზეებში ჯგუფთაშორისი აგრესიის შეფასებულ მაჩვენებლებს.
წლების განმავლობაში, ნგოგოს ცენტრალური ჯგუფის 12-ზე მეტი შიმპანზე უცნობი მიზეზების გამო მოკვდა. ერთი შეხედვით ეს სრულიად ჯანმრთელი შიმპანზეები უბრალოდ ქრებოდნენ, მათი გვამები კი ვერ იპოვეს. სავარაუდოა, რომ ისინი დასავლელმა შიმპანზეებმა დახოცეს.
მკვლევრებმა ბოლომდე არ იციან, თუ რატომ გაიყო შიმპანზეების ეს ჯგუფი.
აღსანიშნავია, რომ შიმპანზეებთან დნმ-ის 98.8%-ს ვიზიარებთ. და მაინც, გენები ჩვენი ბედისწერა არ არის. სხვებთან ჩვენს ურთიერთობებს შეუძლია სისხლიანი განხეთქილებების გამოწვევა, მაგრამ ასევე ჩვენთვის თანამშრომლობაც მახასიათებელია.
"ურთიერთობების დინამიკას შეიძლება უფრო დიდი მიზეზობრივი როლი ჰქონდეს ადამიანურ კონფლიქტში, ვიდრე ვვარაუდობთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ინდივიდებს შორის შერიგებისა და გაერთიანების მცირე, ყოველდღიურ აქტებში ვიპოვოთ მშვიდობის შესაძლებლობები", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები