Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) განიხილავს განაცხადს, რომელიც Google-მა ინიციატივა Debug-ის განსახორციელებლად შეიტანა. თუ პროექტი დამტკიცდება, კომპანიას ორი წლის განმავლობაში კალიფორნიასა და ფლორიდაში ჯამში 64 მილიონამდე მამრი კოღოს გაშვების უფლება ექნება.
მიუხედავად შთამბეჭდავი რიცხვისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიდგომა ახალი არაა და მსგავსი მეთოდები უკვე არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ. მათი თქმით, ის ტრადიციულ ინსექტიციდებთან შედარებით გარემოსთვის ნაკლებ საფრთხეს შეიცავს.
პროექტი Wolbachia pipientis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის გამოყენებას ეფუძნება. ეს მიკროორგანიზმი მრავალი მწერის სხეულში ბუნებრივად გვხვდება და ადამიანებისთვის საშიში არაა. ბაქტერიით ინფიცირებული მამრი კოღოები ჩვეულებრივად ცოცხლობენ და მრავლდებიან. ამის მიუხედავად, თუ ისინი ისეთ მდედრთან შეწყვილდებიან, რომლის სხეულშიც ეს მიკრობი არაა, სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა აღარ იბადება. სწორედ ამიტომ, გარემოში დიდი რაოდენობით ინფიცირებული მამრების გაშვების შემთხვევაში დროთა განმავლობაში შესაბამისი პოპულაციის რიცხვი მცირდება.
ამჯერად სამიზნე სახეობა სამხრეთული სახლის კოღოა (Culex quinquefasciatus), რომელიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. მას დასავლეთ ნილოსის ვირუსისა და სენტ-ლუისის ენცეფალიტის გადატანა შეუძლია. ორივე დაავადება ადამიანებში ნერვულ სისტემას აზიანებს და ზოგ შემთხვევაში მძიმე გართულებებს იწვევს. მეცნიერების თქმით, კოღოებთან ბრძოლა სულ უფრო რთულდება, რადგან მათი პოპულაციები ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტული ხდება. ამასთან, ქიმიური საშუალებები ხშირად სხვა მწერებზეც მოქმედებს, მათ შორის დამამტვერიანებლებზე.
Google პროექტისთვის სპეციალურ სისტემებს ავითარებს, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით კოღოს გაზრდიან. ხელოვნური ინტელექტისა და სენსორების დახმარებით მამრებს მდედრებისგან გამიჯნავენ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები გვკბენენ. კვერცხების განვითარებისთვის მათ სისხლში არსებული ცილები სჭირდებათ, მამრები კი ნექტრითა და მცენარეული ნივთიერებებით იკვებებიან.
მსგავსი მეთოდი აქამდე ძირითადად Aedes aegypti-ს სახეობის წინააღმდეგ გამოიყენებოდა, რომელიც დენგესა და ზიკას ვირუსებს ავრცელებს. მაგალითად, სინგაპურში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ Wolbachia-თი ინფიცირებული მამრების გაშვებამ დაავადების გადამტანი კოღოების რაოდენობა 90%-ამდე შეამცირა, ხოლო დენგეს გავრცელების რისკმა დაახლოებით 70%-ით იკლო.
სამხრეთული სახლის კოღოს წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური პროგრამა სიახლეა. სპეციალისტები არ ელიან, რომ ეს ეკოსისტემას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მათი თქმით, კოღოებით მოსარგებლე ცხოველების უმეტესობა მრავალფეროვანი საკვებით იკვებება და ერთი სახეობის შემცირება ჯაჭვურ ეკოლოგიურ პრობლემებს, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს. ამის მიუხედავად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ფართომასშტაბიანი ჩარევა ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს. ერთ-ერთი პოტენციური შედეგი ისაა, რომ შემცირებული სახეობის ადგილი შეიძლება სხვა კოღოებმა დაიკავონ.
მკვლევრების შეფასებით, სარგებელი, სავარაუდოდ, რისკებს გადააჭარბებს. აშშ-ში დასავლეთ ნილოსის ვირუსი კოღოების მიერ გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია. ყოველწლიურად დაახლოებით 2000 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, დიდი ალბათობით, უფრო მეტია.
გლობალურად კულექსის გვარის კოღოები იაპონური ენცეფალიტის ვირუსის გავრცელებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად ყოველწლიურად ამ დაავადების დაახლოებით 100 000 შემთხვევა აღირიცხება, ხოლო სიკვდილიანობა ზოგჯერ 30%-საც აღწევს. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ პროგრამა უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელდება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვან სარგებელს მოგვიტანს.

კომენტარები