ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
ფოტო: Alessandro Rampazzo/AFP
ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბირთვული ნარჩენებისთვის საცავი შენდება, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.
უკვე დიდი ხანია, სახელმწიფოებს შორის დავა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიშორონ საზიანო ბირთვული ნარჩენები. ამჟამად მათი ძირითადი ნაწილი დროებით საცავებში ინახება.
აღსანიშნავია, რომ მუდმივი საცავები ფინეთის გარდა შვედეთსა და საფრანგეთშიც შენდება, თუმცა ფინეთის საცავი პირველი გაიხსნება. ფინეთის რადიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების სამმართველო (STUK) საცავს საბოლოო შეფასებას ივნისში გაუკეთებს. სწორედ ამ შეფასების შემდეგ გახდება სამოქმედო ლიცენზიის მიღება შესაძლებელი.
ნარჩენ ბირთვულ საწვავს ქვენაფენ ქანში გაბურღულ ორმოებში დამარხავენ. საწვავი ათასობით წლის განმავლობაში იქნება რადიოაქტიური, თუმცა ადამიანებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ახალგახსნილ საცავში თავდაპირველად Olkiluoto-ს ბირთვულ რეაქტორთან არსებულ აუზებში შენახულ ბირთვულ ნარჩენებს გადაიტანენ. საცავში 6500 ტონა ურანისთვისაა ადგილი გამოყოფილი, აქ ფინეთის 5 ბირთვული რეაქტორის ნარჩენები შეინახება.
საცავის აშენება ბირთვული ნარჩენების მართვის კომპანიამ, Posiva-მ, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. მშენებლობის ღირებულება ამჟამად მილიარდ ევროდ ფასდება.
საბოლოოდ საცავის სპეციალური წესით ჩაკეტვა იგეგმება, რათა ნარჩენები მინიმუმ 100 000 წელი იყოს უსაფრთხოდ შენახული. მიწის ზემოთ ნარჩენი ბირთვული საწვავი სპილენძის კოროზიამედეგ კანისტრებში იქნება მოთავსებული, რომლებსაც გვირაბებში გათხრილ ორმოებში ჩაუშვებენ. საბოლოოდ ამ ორმოებს ბენტონიტური თიხით ამოავსებენ, რათა სამუდამოდ ჩაიკეტოს. 300 მეტრის სიგრძის გვირაბს ამოვსების შემდეგ ფოლადის არმატურიანი ბეტონის საცობით ამოქოლავენ.
ეს მეთოდები მეტწილად უსაფრთხოა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ გარკვეული რისკები მაინც შეიძლება წარმოიშვას. მთავარი პრობლემა სპილენძის კანისტრების კოროზია და მიწისძვრებია, რომლებსაც სამომავლო გამყინვარების ხანებში შეიძლება ველოდეთ. ამ ყველაფერმა შეიძლება კაფსულების დაზიანება და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ აქ ძალიან შორეული მომავლის რისკებზეა საუბარი.
კომენტარები