ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ფოტო: DESI collaboration
ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიულმა ინსტრუმენტმა (DESI) 5-წლიანი მისია დაასრულა, რომლის მიზანიც კოსმოსის უდიდესი სამგანზომილებიანი რუკის შექმნა იყო. ამის მეშვეობით სურთ მეტი გაიგონ ბნელ ენერგიაზე, რომელიც სამყაროს აჩქარებული გაფართოების მაპროვოცირებელ ძალად მიიჩნევა.
ახალი რუკა უკვე ჩვენს ხელთაა, თუმცა DESI ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს. ის 5000 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომპონენტისგან შედგება და არიზონაში მდებარე კიტ-პიკის სახელმწიფო ობსერვატორიის 4-მეტრიან ტელესკოპზეა განთავსებული. ინსტრუმენტმა საერთო ჯამში 47 მილიონი გალაქტიკა და კვაზარი (აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელია), ასევე შედარებით ახლომდებარე 20 მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეისწავლა.
თავდაპირველად მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ დაახლოებით 34 მილიონ გალაქტიკასა და კვაზარს დააკვირდებოდნენ, მაგრამ DESI-მ მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ პირველი წლის მონაცემებმაც კი ასტრონომებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ბნელი ენერგიის შესახებ, რომლის არსებობაზეც საუბარი 1990-იან წლებში დაიწყო. ესაა იდუმალი ძალა, რომელიც გალაქტიკებს ერთმანეთს აშორებს, რაც უფრო და უფრო სწრაფად ხდება.
ბნელ ენერგიას სხვადასხვა ასტრონომიული მოწყობილობით შეისწავლიან. მათი მეშვეობით კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს (სამყაროს ე.წ. პირველი სინათლე), Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებსა და ბარიონული (ჩვეულებრივი) მატერიის სიმკვრივის ცვლილებებს აკვირდებიან. ამის მიუხედავად, არცერთი ინსტრუმენტი არაა ისეთი მგრძნობიარე, რომ ბნელი ენერგიის საიდუმლოს ამოხსნაში მხოლოდ ის დაგვეხმაროს. სამაგიეროდ, მათი და DESI-ს მონაცემების გაერთიანებით ამჟამად არსებული თეორიების გადახედვაა შესაძლებელი.
DESI-ს მიერ პირველ წელს მოპოვებულმა ინფორმაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ 11 მილიარდი წლის განმავლობაში გამოვლენილი ბნელი ენერგიის ეფექტი გაეანალიზებინათ. მათ მიაგნეს მინიშნებებს, რომელთა მიხედვითაც ეს ძალა შეიძლება სუსტდებოდეს. თუ ახალი მონაცემებით მკვლევართა ვარაუდი დამტკიცდება, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი სრულიად შეიცვლება. საქმე ისაა, რომ მისი მიხედვით ბნელი ენერგია მუდმივაა, ამიტომ ასეთი ცვალებადობა არ უნდა ახასიათებდეს.
DESI-ს ბოლო დაკვირვებებზე დაყრდნობით ნაშრომებს 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ. ორი კვლევა კი გამოცემაში Astronomy & Astrophysics უკვე გამოქვეყნდა.

კომენტარები