კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ფოტო: Vink Fan/Shutterstock
ვირტუალურ კერძო ქსელს (VPN) ანონიმურობისთვის ან შემზღუდავი კანონებისგან თავის დასაძვრენად იყენებენ. კვანტური ინტერნეტის შემთხვევაში ინფორმაცია კვანტური კომპიუტერებისა და სხვა კვანტური მოწყობილობების მეშვეობით გადაეცემა, ამიტომ მომხმარებლის ადგილმდებარეობის დადგენა ყოველთვის შესაძლებელი იქნება.
ტრადიციული კომპიუტერი ინფორმაციას ბინარულ ბიტებად ინახავს, კვანტური კომპიუტერები კი — კვანტურ ბიტებად, იგივე კუბიტებად. კუბიტი შეიძლება 1, 0 ან ამ ორი მნიშვნელობის სუპერპოზიცია იყოს, ე.ი. სვიჩი ერთდროულად ჩართულიც იყოს და გამორთულიც.
კვანტური გადახლართულობა კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ამ ყველაფრის გაგებაში გამოგვადგება. თუ ორი ნაწილაკი გადახლართულია, ე.ი. ერთის გაზომვის შემთხვევაში მეორეზეც მოვახდენთ ზეგავლენას, განურჩევლად ამ ნაწილაკებს შორის არსებული მანძილისა.
გადახლართულობა კვანტური ინტერნეტის საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ გზით ინფორმაცია ისე იგზავნება, რომ ჩვეულებრივი სისტემით მისი გატეხა ვერ მოხდეს. დღესდღეობით იმის დადგენა შეუძლებელია, ადამიანი იყენებს თუ არა VPN-ს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ბელის ტესტის ერთ-ერთი ვარიაცია გამოიყენეს, რათა განსხვავებული მიდგომა შეემუშავებინათ. ექსპერიმენტის დემონსტრაციისას გუნდმა მიმღები მხარე კიბერშემტევებს დაუპირისპირა. მიმღებ და გამგზავნ მხარეს გადახლართული ფოტონების თვისებები ერთდროულად უნდა გაეზომათ, ბელის ტესტით კი კორელაცია უნდა დაედგინათ.
მაშინაც კი, როდესაც კიბერშემტევებს სუსტად გადახლართული ნაწილაკები თავადაც აქვთ და ულიმიტო რაოდენობის კვანტურ გამოთვლებს ფლობენ, კვანტური კორელაციების ზუსტ იმიტირებას მაინც ვერ ახდენენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისინი იმ ფოტონზე წვდომის მოპოვებას ეცდებიან, რომელიც მათთვის არ იყო განკუთვნილი, გაზომვები იმ ძლიერ კორელაციებს აღარ აჩვენებს, რომლებიც რეალური გადახლართულობის შემთხვევაშია ხოლმე მოსალოდნელი.
ნაშრომი ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის, მას შეგიძლიათ პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე გაეცნოთ.
კომენტარები