მთიბავები (Harvestmen) შესახედავად ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობობასნაირები (არაქნიდები) არიან და როგორც ჩანს, ასე იყო მილიონობით წლის წინაც.

და, აი, ახლა უკრაინასა და ბალტიის რეგიონში 35 მილიონი წლის ქარვის ნიმუშში განსაკუთრებით უცნაური სახეობის მთიბავები აღმოაჩინეს.

ახალი სახეობა, Balticolasma wunderlichi, მიეკუთვნება ორთოლაზმატინების სახელით ცნობილ მთიბავებს.

დღეს ამ ჯგუფის მთიბავები ევროპაში უკვე გადაშენებულია, მაგრამ ახალი აღმოჩენის თანახმად, ეს არაქნიდები საკმაოდ გავრცელებული ყოფილა გვიანდელ ეოცენში. ეს ის დროა, როცა ჩრდილოეთ ევროპა თბილი, ზომიერი და უფრო ნესტიანიც კი იყო.

ეს ასევე ორთოლაზმატინების პირველი ნამარხებია, რომლებიც ოდესმე აღმოუჩენიათ.

ფოტო: Acta Palaeontologica Polonica

"ევროპული ქარვის საბადოებში ორთოლაზმატინის მთიბავების აღმოჩენამ გაგვაოცა. ამ ცხოველების მონათესავე სახეობები ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში გვხვდებიან. როგორც ჩანს, 35 მილიონი წლის წინ, ეოცენის ეპოქაში, ეს ორგანიზმები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაცილებით ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე დღეს არიან", — თქვა ბავარიის ბუნების ისტორიის მეცნიერმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა კრისტიან ბარტელიმ.

მკვლევრებმა არაქნიდის გარეგნობა შეისწავლეს. მას რვა ჯვარედინი ფეხი ჰქონდა, რომელთაგანაც მეორე წყვილი ბევრად გრძელია დანარჩენებზე. სკანირებით ასევე გამოვლინდა რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი ტაქსონომიური დეტალი, როგორიცაა თითოეული სქესის სასქესო ორგანოების სტრუქტურა (არაქნიდების იდენტიფიკაციის აუცილებელი მახასიათებელი).

ბალტიისპირული ქარვის ნიმუში მამრისაა, ხოლო როვნოს ქარვის ნიმუში მდედრია და ის ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში აღმოაჩინეს.

ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეოცენის დროს ბალტიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე ტერიტორია (თანამედროვე უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ბელარუსი) გაცილებით თბილი, შესაძლოა, სუბტროპიკული ადგილიც კი იყო.

მკვლევრების თქმით, დამატებითი ნამარხების აღმოჩენა სხვა წყაროებშიც იქნება საჭირო. უკვე ამის შემდეგ შევძლებთ ამ არსებების ისტორიის აღდგენას.

კვლევა ჟურნალ Acta Palaeontologica Polonica-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.