ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვებგვერდზე 10 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულების ორ თანამშრომელს NASA-ს ჯილდო გადაეცა.

სააგენტომ დააჯილდოვა DART-თან დაკავშირებული პერიოდული ცვლილების განსაზღვრაზე მომუშავე საერთაშორისო გუნდი, რომელშიც ქართველი მეცნიერები, რაგული ინასარიძე და ვოვა აივაზიანი, ერთიანდებიან.

მათ, 70-ამდე კოლეგასთან ერთად, NASA-ს "ჯგუფური მიღწევის ჯილდო" მიიღეს. ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა 21 ობსერვატორიაში განთავსებული 28 ტელესკოპი გამოიყენეს, რათა ასტეროიდთა წყვილს — დიმორფოსსა და დიდიმოსს — დაჰკვირვებოდნენ.

"საერთაშორისო დაკვირვებით ქსელში ჩართული იყო 21 ობსერვატორიაში განთავსებული 28 ტელესკოპი, ხოლო კვლევაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70 მეცნიერმა. ამ მასშტაბური თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულმა შედეგების ანალიზმა შესაძლებელი გახადა ასტეროიდული სისტემის ორბიტული ცვლილების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა.

ობსერვატორია ულოცავს რაგულ ინასარიძესა და ვოვა აივაზიანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას უხდის NASA-ს პლანეტარული დაცვის პროგრამაში შეტანილი წვლილისა და ობსერვატორიის საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენისათვის", — ვკითხულობთ ობსერვატორიის განცხადებაში.

ასტეროიდთა ბინარული სისტემა, რომლის ორბიტაც ხელოვნურად შეცვალეს.

ფოტო: NASA DART team and LICIACube

ცნობისთვის, 2022 წელს NASA-მ ისტორიული მისია DART განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი განზრახ შეაჯახა. შედეგად, მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის გარშემო მისი ორბიტა ხელოვნურად შეცვალეს (33-წუთიანი სხვაობით), რაც პლანეტარული თავდაცვისთვის საჭირო ტექნოლოგიის დემონსტრირება იყო.

ამ მისიამ უფრო მასშტაბური ცვლილებაც გამოიწვია: შეჯახებამ მზის გარშემო დიმორფოსისა და მის კომპანიონ დიდიმოსის საერთო ორბიტაც შეცვალა. კერძოდ, სისტემის ორბიტალური სიჩქარე დაახლოებით წამში 11.7 მიკრომეტრით შემცირდა (საათში 42 მილიმეტრით).

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს რაგული ინასარიძის პატივსაცემად მისი სახელი ასტეროიდს უწოდეს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასტრონომიულმა გაერთიანებამ მიიღო და კოსმოსური სხეული (32481) Inasaridze ახალ ოფიციალურ ბიულეტენში წარადგინა.

"რაგული ინასარიძე (1950) აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მომუშავე ქართველი ასტრონომია. ის ასტეროიდებზე ფოტომეტრიული და ასტრომეტრიული დაკვირვებების ექსპერტია. მას დედამიწასთან ახლომდებარე ასობით ასტეროიდის ფიზიკური მახასიათებლების კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის", — წერია ბიულეტენში.

შესაბამისად, ეს აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის პირველი ჯილდო და აღიარება არაა. ისინი სხვადასხვა პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.