შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
ფოტო: Freepik
Sunwoda ჩინური კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების ბატარეებს ამზადებს. მათი მთავარი პროდუქტია Xingchi Supercharge Battery 2.0. ეს ლითიუმის რკინის ფოსფატის (LFP) ბატარეაა, რომელიც სამგზავრო ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. ბატარეის მაჩვენებელი მას 5%-იდან 95%-მდე სულ რაღაც 9 წუთში აჰყავს, ხოლო 5%-იდან 75%-მდე 5.5 წუთში.
სისტემა 264 პრიზმულ ელემენტს შეიცავს. დენი 1800 ამპერამდეც აღწევს. როგორც კომპანია განმარტავს, ულტრასწრაფი დატენის ფუნქცია შეგვიძლია ბატარეის საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შეუზღუდავად გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, Sunwoda-მ სამგზავრო ელექტრომობილებისთვის კიდევ ორნაირი ბატარეა შექმნა. ერთ-ერთი მათგანი დეგრადაციას ამცირებს. კომპანიის განმარტებით, ბატარეის ტევადობა პირველ წელს საერთოდ არ მცირდება, 10 წლის განმავლობაში კი მხოლოდ 10%-იან კლებას უნდა ველოდოთ.
მეორე ბატარეა ჰიბრიდული ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. იგი დიდი ზომის ცილინდრული ელემენტებითაა შექმნილი და 10 წუთში მოწყობილობას 10%-იდან 80%-მდე ტენის.
კომპანიის ძირითადი მიზანი დატენის დროის შემცირებაა, რაშიც მათ უზარმაზარი პროგრესი აქვთ. გარდა ამისა, ისინი ამ მიგნებებს უფრო დიდ სატრანსპორტო საშუალებებსაც არგებენ, მაგალითად, სატვირთო მანქანებს. ხოლო ჰიბრიდული მანქანებისთვის Sunwoda-მ პატარა ბატარეის პაკეტები შექმნა, რომლებიც უფრო ეფექტიანი და კომპაქტურია.
კომპანიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, სიუ ჭუნგლინგის თქმით, ნატრიუმზე დაფუძნებულ ბატარეას ლითიუმთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს: უფრო დიდხანს ძლებს, შედარებით უსაფრთხოა და მათ დასამზადებლად უფრო მარტივად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებაც შეიძლება, რაც მათ წარმოებას გააიაფებს. მეორე მხრივ, ასეთი ბატარეა ენერგიას ნაკლებად ინახავს, ამიტომ უმჯობესია, ისინი უფრო მარტივი მანქანებისთვის გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, კომპანია ხელოვნურ ინტელექტსაც აქტიურად იყენებს, რათა ბატარეების შექმნის, დამზადებისა და შენახვის პროცესი გაუმჯობესდეს. ამ სტრატეგიას ისინი "AI+ battery"-ს უწოდებენ.
კომენტარები