მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხების მიღების ვადის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მისი თქმით, საკითხი კომპლექსურია და პასუხების დადგენას ვერ ახერხებენ ისეთი ინსტიტუციებიც, როგორიცაა European Medicines Agency და დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რის გამოც ევროპული სახელმწიფოები ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და, აქედან გამომდინარე, ახლა ამ ეტაპზე — ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით, იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება — რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ერთმნიშვნელოვნად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს.

ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ისეთ ფაქტორებს - თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხები გვქონდეს კითხვებზე. ზუსტი თარიღების დასახელება მე, სამწუხაროდ, არ ხელმეწიფება" — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.