ოპოზიციური ალიანსი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის რიტორიკა ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ალიანსში შემავალი პარტიები: ახალი, გირჩი მეტი თავისუფლებისთვის, დროა, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე:

ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან", — ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ალიანსის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული:

"ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება".

ალიანსი ასევე უსვამს ხაზს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, თავი წარმოაჩინოს როგორც ერთადერთი ლიდერი ოპოზიციაში.

დასასრულს, მათ მონაწილე პარტიებს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს:

"ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული".

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილის განცხადებაში პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მარტო ოპოზიციის დროს არა, ყველაზე მეტად ხალხში პრეზიდენტობის დროს დავდიოდი, იმიტომაც მეტის გაკეთება შემეძლო მათთვის. არაფერია ისეთი დიდი სიამოვნება, როგორც ადამიანების სამსახური.

ასევე რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს - მარტო სიარული არ კმარა. ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი გიყვარს," — განაცხადა მან სოციალურ ქსელში.