როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
ფოტო: Freepik
ბოლო რამდენიმე წელია, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ლამის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში პირველობისათვის. ცდილობენ, მოდელების გაუმჯობესებასთან ერთად ისინი მეტად ეფექტიანი და იაფიც გახადონ.
სფეროში სიახლეები ხშირად მანამდეც კი გვეწევა, სანამ ძველის ათვისებას მოვასწრებდეთ, ამ ტენდენციაში კი გამონაკლისი არც 2026 წლის თებერვალი და მარტი ყოფილა. სამმა მოწინავე კომპანიამ — OpenAI-მ, Anthropic-მა და Google-მა — გაუმჯობესებული AI მოდელები შემოგვთავაზა.
ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ახალი AI მოდელი GPT-5.4-ია, რომელიც OpenAI-მ 5 მარტს გამოუშვა, კერძოდ აზროვნებაზე ორიენტირებული GPT-5.4 Thinking და მაღალ წარმადობაზე ორიენტირებული GPT-5.4 Pro. მას კომპანია პროფესიული საქმიანობისთვის თავის "ყველაზე უნარიან და ეფექტიან მოწინავე მოდელს" უწოდებს.
მოდელის API ვერსიას მილიონ ტოკენამდე მოცულობის კონტექსტური ფანჯარა აქვს, რაც OpenAI-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც კომპანიიდან აღნიშნავენ, ტოკენებს მოდელი უფრო ეფექტიანად გამოიყენებს, ანუ GPT-5.4 იმავე ამოცანებს წინამორბედზე გაცილებით ნაკლები ტოკენით შეასრულებს.
იხილეთ: ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ უახლესი მოდელი გამოუშვა — რა გაუმჯობესდა GPT-5.4-ით
17 მარტისთვის OpenAI-მ უკვე მოდელის Mini და Nano ვერსიებიც შემოგვთავაზა — თავიანთი "მოძმეების" კომპაქტური, სწრაფი და უფრო იაფი ვერსიები, რომლებიც პერფორმანსით ბევრად არ ჩამორჩება მოწინავე GPT-5.4 მოდელებს.
Anthropic-მა, OpenAI-ს კონკურენტმა კომპანიამ, თებერვალში თავისი არსებული მოდელები Claude Opus 4.6 და Sonnet 4.6 გააუმჯობესა, მარტში კი უფრო ფართოდ გახადა ხელმისაწვდომი. სტანდარტული ფასით მოდელებს მილიონ ტოკენიანი კონტექსტური ფანჯარა აქვს — ეს Claude-ს დაეხმარება, დოკუმენტი უფრო დიდხანს დაიმახსოვროს და კოდირების მხრივაც უფრო ხანგრძლივად დაგვეხმაროს დამატებითი ხარჯების გარეშე.
თავის მხრივ, Google-მა გასულ თვეში, 19 თებერვალს, Gemini 3.1 Pro მოდელი გამოუშვა, როგორც Gemini 3 სერიის ყველაზე დახვეწილი მოდელი აზროვნებაზე ფოკუსით. განახლების ფარგლებში მოდელი მნიშვნელოვნად "დაჭკვიანდა" კომპლექსური, მრავალნაბიჯიანი დავალებების კუთხით, იქნება ეს მონაცემთა სინთეზი, აბსტრაქტული აზროვნება, დაგეგმვა თუ მეცნიერება ან ინჟინერია.
Gemini 3.1 Pro ხელმისაწვდომია როგორც Gemini-ს აპლიკაციაში, ასევე API-ში, Vertex AI-სა და NotebookLM-ში, სადაც იგი რთული საკითხების შემოქმედებითად გაანალიზებაში უნდა დაგვეხმაროს.
შეიძლება ითქვას, რომელიმე კონკრეტული მოდელი ყველა მაჩვენებლით ამჟამად არ ლიდერობს. GPT-5.4-ს, Claude 4.6 სერიის მოდელებსა და Gemini 3.1 Pro-ს მეტ-ნაკლებად განსხვავებული მაჩვენებლები აქვთ მსჯელობის, კოდირების, მეცნიერებისა და მულტიმოდალურობის კუთხით.
ცხადია, სფეროს უახლესი მიღწევები არც მხოლოდ ამ მოდელების პროგრესით შემოიფარგლება — აშშ-შიც და სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით ჩინეთში, ამ მიმართულებით არაერთი სხვა წინსვლა ვიხილეთ, მომავალი კი, თამამად შეიძლება ითქვას, კიდევ უამრავ საინტერესო სიახლეს გვიმზადებს.
კომენტარები