11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგოთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გვახსენებს, რომ ქალებისა და გოგოების გარეშე არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ ინოვაცია უბრალოდ არ გვექნებოდა. გვახსენებს იმასაც, რომ STEAM სფეროში ქალების ჩართულობაზე ჯერაც ბევრი გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში.

ამ საჭიროების ფონზე Forset-მა, უკვე მესამედ, საქართველოში მცხოვრები გოგოებისთვის 11 თებერვალი შემეცნებითი გახადა და მათთვის STEAM დღე გამართა — ღონისძიება ლექციებითა და ვორკშოპებით, გოგოებისგან გოგოებისთვის. STEAM დღის ერთ-ერთი მხარდამჭერი სელფი მობაილი იყო, ქართული ტელეკომ ოპერატორი.

სელფისთვის განათლებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" წევრია და, ასევე, გაეროს ქალთა პრინციპების ხელმომწერი.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ინკლუზიურობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და, მთლიანობაში, ქვეყნის ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება", — აცხადებს სელფი მობაილის გუნდი.

STEAM დღეზე სფეროთი დაინტერესებულ 150-მდე გოგოსა და ქალს უმასპინძლეს:

"STEAM DAY 2026-ის მთავარი მიზანი იყო გოგოებისთვის შთამაგონებელი და პრაქტიკული სივრცის შექმნა, სადაც შეძლებდნენ ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და კრეატიული ინდუსტრიების გაცნობას", — NEXT.On.ge-სთან საუბრისას განაცხადა ანა არევაძემ, ფორსეტის პროექტების კოორდინატორმა — "მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეცნოთ საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, დაემყარებინათ ახალი კავშირები, გაეგოთ მეტი პროფესიული გზების შესახებ".

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რაც, ანას აზრით, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ირჩევენ პროფესიას/უნივერსიტეტს".

სელფი მობაილის გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის დანახვა, რომ სფეროში ჩართული ან მიმართულებით დაინტერესებული ქალებისა და გოგოების რიცხვი დიდია.

"STEAM სფეროს მიმართ ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა მოგვცა დამატებითი მოტივაცია, რომ ამ მიმართულებისთვის უფრო აქტიურად დაგვეჭირა მხარი", — NEXT.On.ge-ს გვითხრეს სელფიდან — "გვინდა, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მსგავსი შესაძლებლობების განვითარებას და გვახარებს, როდესაც ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ განათლებასა და ტექნოლოგიებში სულ უფრო მეტი ქალი ერთვება".

Forset-ში სურთ, რომ STEAM მიმართულებით კარიერა გოგოებისთვის ნორმა იყოს და არა — გამონაკლისი. მათი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ გოგოს დაეხმარონ, გზა გაიკვალონ "პროფესიებში, რომლებიც, სამწუხაროდ, სტერეოტიპურად ჯერჯერობით ისევ მეტწილად კაცებთან ასოცირდება".

სელფი ამ მისიისა და სამომავლო ღონისძიებების მხარდაჭერის კუთხით სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობს:

"გვჯერა, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია", — აცხადებენ სელფიში.