ჟურნალისტ ელისო კილაძის აზრით, მისი დაკავება "საჭირო გახდა", რადგან სახელმწიფო უწყებებს "ლევან ჯანგველაძეს საქმე ჩამოეშალათ". კილაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წაყენებულ ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს და მიშა ჩოხელს არ იცნობს.

"ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე.

რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს.

რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში — (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ოჯახს გამძლეობა," — წერს კილაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება ასევე წარედგინა ბენ ანორს, რომელმაც "ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას".