ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
ფოტო: CCTV
11 თებერვალს ჩინეთმა ახალი თაობის საეკიპაჟო კაფსული გამოცადა, რომელსაც Mengzhou ეწოდება — "ოცნების ხომალდი". მისი გამოყენებით ქვეყანას მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გაშვება სურს, რაც 2030 წლისთვის იგეგმება.
ხომალდი კუნძულ ხაინანზე მდებარე ვენჩანის კოსმოდრომიდან რაკეტა Long March 10-ით გაუშვეს. მისია წარმატებული იყო: კაფსული აპარატს უსაფრთხოდ ჩამოშორდა და დამოუკიდებელი მანევრები შეასრულა, ბოლოს კი ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვა. ეს ადასტურებს, რომ Mengzhou-ს შეუძლია, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ასტრონავტები უკან უვნებლად დააბრუნოს.
რაც შეეხება რაკეტას, Long March 10-ს ჩინეთის სამომავლო გეგმებში უდიდესი როლი აქვს. ის მძიმე ტვირთის გასაშვებად სათანადოდაა აღჭურვილი და დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ჩინელთა ეკიპაჟის გაგზავნას სწორედ ამ აპარატით აპირებენ. კაფსულის მსგავსად, მისმა გამოცდამაც წარმატებით ჩაიარა.
Long March 10-ის პირველი საფეხური ამაჩქარებლის ფუნქციას ასრულებს და მრავალჯერადი გამოყენებისაა (როგორც, მაგალითად, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9). 11 თებერვლის საცდელი მისიისას ის ოკეანეში ვერტიკალურად, კონტროლირებადი სიჩქარით დაეშვა მას შემდეგ, რაც Mengzhou გამოეყო.
Long March 10-ის სრულყოფაზე ინჟინრები ჯერ კიდევ მუშაობენ, ამიტომ ბოლო ფრენისას ის ორბიტამდე არ ასულა. ამის მიუხედავად, უსაფრთხოდ დაბრუნება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რაც მისი მრავალჯერადი გამოყენების პოტენციალს ცხადყოფს.
უნდა აღინიშნოს, რომ NASA მისია Artemis 3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გაგზავნას 2028 წელს გეგმავს. მანამდე Artemis 2 უნდა განხორციელდეს (სავარაუდოდ, მარტში), რომელიც ეკიპაჟს მთვარის გარშემო ამოგზაურებს (ვრცლად: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე). რომელი ქვეყანა იქნება პირველი, ძნელი სათქმელია, თუმცა ცხადია, რომ ჩინეთი კოსმოსის ათვისებას აქტიურად ცდილობს.

კომენტარები