რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
ფოტო: Matthias Balk/picture alliance/Getty Images
რუსეთის მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციაზე, ტელეგრამზე წვდომა შეზღუდა. მთავრობა რუსებს თავის მიერ უფრო მკაცრად გაკონტროლებულ ალტერნატივებს სთავაზობს.
მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტელეგრამზე წვდომის შეზღუდვის მიზანი "რუსეთის მოქალაქეების დაცვაა". მათი აზრით, აღნიშნული აპლიკაცია ცუდადაა რეგულირებული: არ იბლოკება შიგთავსი, რომელსაც რუსეთის მთავრობა "კრიმინალურად და ტერორისტულად" მიიჩნევს.
როსკომნადზორმა (რუსეთის ტელეკომუნიკაციების რეგულატორი) განაცხადა, რომ შეზღუდვები იქამდე გაგრძელდება, სანამ აპლიკაცია "რუსეთის კანონმდებლობის დამრღვევ ქმედებებს არ აღმოფხვრის".
"პირადი მონაცემები დაცული არაა. გარდა ამისა, თაღლითობის ან კრიმინალური/ტერორისტული გზავნილების საწინააღმდეგოდ ეფექტიანი ზომები არაა მიღებული", — განმარტა როსკომნადზორმა.
ტელეგრამი ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის თქმით, ისინი თავიანთი პლატფორმის არამიზნობრივად გამოყენებას აქტიურად ებრძვიან.
TASS-ის (რუსეთის სახელმწიფო სამაუწყებლო სააგენტო) განცხადებით, ტელეგრამი 828 000 აშშ დოლარით დააჯარიმეს. ამის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ აკრძალული შიგთავსის პლატფორმიდან წაშლაზე უარი თქვეს.
მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ტელეგრამის ათასობით მომხმარებელმა აღნიშნა, რომ აპლიკაციაში ვეღარ შედიოდნენ. ზოგის თქმით, ტელეგრამი ჩვეულებრივზე ნელა მუშაობდა.
ტელეგრამის დამფუძნებელმა, წარმოშობით რუსმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ რუსეთს ტელეგრამის შეზღუდვა არ გამოუვა.
"რუსეთი ტელეგრამს იმიტომ ზღუდავს, რომ მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებულ აპლიკაციაზე გადაიყვანოს, რომელიც თვალთვალისა და პოლიტიკური ცენზურისთვისაა შექმნილი", — განაცხადა დუროვმა — "რვა წლის წინ მსგავსი სტრატეგია ირანმაც სცადა და არაფერი გამოუვიდა".
რუსეთი მოსახლეობას ალტერნატივად Max-ს სთავაზობს. მთავრობა მოითხოვს, რომ ეს აპლიკაცია რუსეთში გაყიდულ ყველა სმარტფონსა თუ ტაბლეტზე წინასწარ იყოს ინსტალირებული. Max მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთს მიწერონ, ფული გადაურიცხონ და აუდიო თუ ვიდეოზარებით ელაპარაკონ.
საინტერესოა, რომ Max-ის აპლიკაცია Vkontakte (VK)-ის მიერაა შექმნილი. ამ უკანასკნელის თანადამფუძნებელი დუროვია, თუმცა მან თავისი წილი 2014 წელს გაყიდა, შემდეგ კი რუსეთი დატოვა. დუროვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კრემლმა მას უკრაინელი მომხმარებლების მონაცემების გაცემა მოსთხოვა. ამჟამად VK-ს მთავრობა ფლობს.
რუსეთი უკვე წლებია ტელეგრამის შეზღუდვას ცდილობს. საინტერესოა, რომ ამ მცდელობებს თავად რუსებიც აკრიტიკებენ, მათ შორის, ომის მომხრე სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ომთან დაკავშირებულ სიახლეებს ტელეგრამზე აშუქებენ.
კიბერუსაფრთხოების ამერიკელი ექსპერტი, ადამ სეგალი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის გაკონტროლების საკითხში რუსეთი ჩინეთს ბაძავს, თუმცა ჯერ მის დონეზე ვერ ადის. სეგალის აზრით, რუსეთის ბევრი მოქალაქე ტელეგრამის გამოყენებას VPN-ით მაინც გააგრძელებს.
კომენტარები