შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
ფოტო: Aircela
ინჟინრებს უკვე მრავალი წელია სურთ, რომ დედამიწის ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი "შევისრუტოთ" და ამ გზით კლიმატის ცვლილება შევანელოთ. მეორე მხრივ, ამ იდეის მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი.
არსებობს მეორე გზაც, რომელიც ზემოაღნიშნულ იდეას უფრო რეალურს ხდის: შესრუტული ნახშირორჟანგი შეიძლება ენერგიის სხვა ფორმად ვაქციოთ. ნიუ-იორკულმა სტარტაპმა Aircela-მ სწორედ ეს განიზრახა. მათ უჩვეულო მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს ისრუტავს და გამოსაყენებლად ვარგის ბენზინად გარდაქმნის.
აღნიშნული პროცესი სამი საფეხურისგან შედგება. თავიდან ნახშირორჟანგს ჰაერისგან აცალკევებენ. შემდეგ აპარატურა ელექტროლიზის საშუალებით წყალს შლის. ასე წყალბადი მიიღება, რომელსაც შესრუტულ ნახშირორჟანგს ურევენ და საბოლოოდ მეთანოლს იღებენ. ბოლოს, მესამე ეტაპზე, მეთანოლს ბენზინად გარდაქმნიან. მიღებული საწვავი არსებულ ძრავებშიც მუშაობს, დამატებით დამუშავება არ სჭირდება.
ეს ყველაფერი ზედმეტად კარგად ჟღერს, არა? სამწუხაროდ, ამ მიდგომას ნაკლიც ბევრი აქვს. მაგალითად, პრობლემაა ის, რომ Aircela-ს აპარატს დღეში მხოლოდ 3,7 ლიტრი ბენზინის წარმოება შეუძლია. ეს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის გასავლელად თუ გვეყოფა.
გარდა ამისა, კომპანიამ გასულ წელს The Autopian-თან ინტერვიუში აღიარა, რომ პროცესი დიდ — მიღებულ საწვავში არსებულზე ორჯერ მეტ — ენერგიას მოითხოვს და უკიდურესად არაეფექტიანია.
Aircela-ს ამის გამოსწორების იმედი აქვს. კომპანიამ განაცხადა, რომ ქსელს გარეთ მომუშავე ფოტოვოლტური პანელების დახმარებით აპარატის ელექტროენერგია ერთ ლიტრზე 0,4 აშშ დოლარი დაჯდება.
ამერიკის ბაზარზე მოწყობილობის ჩაშვებას 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავენ. მისი ღირებულება 15-20 ათასი აშშ დოლარი იქნება. საინტერესოა, რომ პოტენციურ მყიდველს დიდი რაოდენობის ელექტრობაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ცხადია, ასეთი ადამიანისთვის ელექტრომობილის ყოლა უფრო პრაქტიკული იქნებოდა, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანის.
კომენტარები